Plasmon
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ორსულობის დროს

თარიღი: 08 ივნისი, 2016

რამდენად საყურადღებოა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ორსულობის დროს?
რა გავლენა შეიძლება მოახდინოს მან ნაყოფის განვითარებაზე? - ორსულობის დროს ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის მნიშვნელობაზე იუნონას ექიმი-რადიოლოგი ქ-ნი თეა ჩხაიძე გვესაუბრება:
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ქალები 5-7-ჯერ უფრო ხშირად უჩივიან, ვიდრე მამაკაცები. დაავადება ქალებს უფრო შვილოსნობის ასაკში უვითარდებათ. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მიმართ მიდრეკილნი ხშირად არიან ის ორსულები, რომელთაც ორსულობამდე ანამნეზში აღენიშნებათ ამ ორგანოს ესა თუ ის პათოლოგია. ორსულობისას შეიძლება განვითარდეს იოდის დეფიციტი, რაც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა განვითარების და გამოვლინებების საშიშროებას ქმნის.
მუცლადყოფნის პერიოდში თირეოიდული ჰორმონი აკონტროლებს ემბრიოგენეზს (ნაყოფის ფორმირებას), ორგანოების და სისტემების დიფერენცირებას. იგი არა მარტო ზრდის, არამედ ქსოვილთა დიფერენცირების პროცესს არეგულირებს და ამით ნაყოფის ორგანიზმის ზრდასთან ერთად მის მომწიფებას უწყობს ხელს. ამ ჰორმონის ცვლილებამ შესაძლებელია ტვინის განვითარება-ფორმირების ამა თუ იმ ეტაპზე შეჩერება განაპირობოს, რასაც შეიძლება შეუქცევადი პროცესები, ადამიანის ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების განუვითარებლობა მოჰყვეს. ასევე გავლენას ახდენენ ფილტვების ქსოვილის, ძვალ - სახსროვანი სისტემის ფორმირებაზე, კერძოდ, ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის ნორმალურ ზრდა-განვითარებაზე. თირეოიდული ჰორმონები არეგულირებს ძვლებში მინერალების (უმთავრესად კალციუმის და ფოსფორის) ჩალაგებას.
თუ ორსული არ არის დროულად დიაგნოსტირებული და არ უტარდება შესაბამისი მკურნალობა, იმის მიხედვით, რომელ ეტაპზე დაიწყო ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, დედის ორგანიზმში მოსალოდნელია:
1. თვითნებითი აბორტი;
2. მკვდრადშობადობა;
3. ნაყოფის განითარების სხვადასხვა ანომალიები;
4. ნერვოლოგიური დაავადებები - გონებრივი ჩამორჩენა, სიელმე, სიმაღლეში ჩამორჩენა;
5. ფსიქომოტორული დარღვევები;

თანამედროვე მედიცინაში ულტრაბგერითი გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის დაავადების კვლევის ძირითადი მეთოდია, რომელიც გამოიყენება ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში. აღნიშნული განპირობებულია მისი საკმაოდ მაღალი სიზუსტით. დეტალურად ასახავს ჯირკვლის ზომებსა და მის მაკრომორფოლოგიას (ექოსტრუქტურას, ექოგენობას). ამის გარდა ის იძლევა დამიზნებითი პუნქციის საშუალებას, რაც კიდევ მეტად ზრდის მეთოდის ღირებულებას.
ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევის მიზანია:
1. ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების დროული გამოვლენა ან მისი უარყოფა;
2. ფარისებრი ჯირკვლის ნაზოლოგიათა დიაგნოსტიკა;
3. პალპირებადი წარმონაქმნების დიფერენცირება; ფარისებრი ჯირკვლის მოცულობითი პროცესის გამოვლენა; ცისტის დიფერენცირებული დიაგნოსტიკა ქსოვილოვანი წარმონაქმნისგან;
4. მკურნალობის შედეგების კონტროლი;
ულტრაბგერითი მკურნალობა ხელმისაწვდომია და უსაფრთხოა ორსულთათვის, რაც ასევე მეთოდის ფართოდ გამოყენების საშუალებას იძლევა.