თარიღი: 14 თებერვალი, 2024
მუცლის აორტის ანევრიზმა ეწოდება აორტის გაფართოებას თუ მისი დიამეტრი გაზრდიალია 1,5-ჯერ და მეტად. ყოველ 100000 პაციენტში ყოველწლიურად გვხვდება 36-40, ხოლო მსოფლიოში 200000 ახალი შემთხვევა. მუცლის აორტის ანევრიზმა სამწუხაროდ, პროგრესული დაავადებაა.
ზომა იზრდება საშუალოდ 10% წელიწადში და ხშირად დაავადების სიმპტომების ერთადერთი გამოვლინება ანევრიზმის გასკდომაა. სქესთა თანაფარდობა შეადგენს მამაკაცი/ქალი 4/1.
ოჯახური ანამნეზით დატვირთულ პირებში, განსაკუთრებით პირველი რიგის ნათესავის შემთხვევაში, 12-ჯერ მაღალია რისკი მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების. წლის განმავლობაში მუცლის აორტის ანევრიზმას უკავია მე -15 ადგილი გარდაცვალების მიზეზებს შორის, ხოლო პაციენტებში 60წლის ზემოთ მე -10 ადგილი.
ანევრიზმის განვითარების რისკ ფაქტორებია: ათეროსკლეროზი; ასაკი; სქესი; თამბაქოს მოხმარება; არტერიული ჰიპერტენზია; გენეტიკური ანამნეზი
მუცლის აორტის ანევრიზმას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობა, თუმცა შეიძლება ხშირად გამოხატული იყოს სიმპტომები - გასინჯვით მოპულსირე, მოცულობითი წარმონაქმნის არსებობა მუცლის ღრუში, ტკივილი მუცლის ღრუში, რომელიც შეიძლევა ვრცელდებოდეს წელის არეში და ტკივილის წელის არეში. მუცლის აორტის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა თრომბის მიგრაცია ქვემო კიდურებში და ქვემო კიდურების მწვავე არტერიული გაუვალობის განვითარება, ხოლო ყველაზე საშიში გართულებაა ანევრიზმის გასკდომა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ანევრიზმის ზომასთან.
დიამეტრის ზომის მიხედვით ყოველწლიურად გასკდომის რისკი შედაგენს:
- ნაკლები 4.0 სმ-ზე – 0%-დან 0,5%-მდე
- 4.0სმ - 4.9სმ – 0.5%-დან 5%-მდე
- 5.0სმ - 5.9სმ – 3%-დან 15%-მდე
- 6.0სმ - 6.9სმ – 10%-დან 20%-მდე
- 7.0სმ - 7.9სმ – 20%-დან 40%-მდე
ქირურგიული მკურნალობის ჩვენებას განისაზღვრება:
- სიმპტომური მიმდინარეობით
- დიამეტრის სწრაფი მატება (6 თვეში 0,5სმ-ით გაზრდა)
- ანევრიზმის ზომით (დიამეტრი - მამაკაცი ≥5,0სმ, ქალი ≥4,5,სმ)
არსებობს ქირურგიული მკურნალობის ღია და ენდოვასკულარული მკურნალობა, რომლის შერჩევა ხდება თანხმლები დაავადებების, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, მუცლის აორტის ანევრზიმის ზომის, ფორმის და მდებარეობის მიხედვით. ღია ქირურგიული ოპერაციის დროს ხდება ანევრიზმის პარკის გახსნა და აორტის ხელოვნური პროტეზით რეკონსტრუქცია. ენდოვასკულარული მკურნალობის დროს, ბარძაყის არტერიებიდან მიდგომით, სტენტის ჩანერგვა მუცლის აორტის ანევრიზმაში. ქირურგიული მკურნალობის ჩვენების მიზანია საშიში გართულების, ანევრიზმის გასკდომის განვითარების თავიდან აცილება, რა დროსაც ლეტალობის რისკი საკმაოდ მაღალია და შეადგენს 50 – 80% (ოპერაციის და ოპერაციიდან 30 დღის განმავლობაში).
ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის გულის და სისხლძარღვოვანი პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწრად დაგვიკავშირდით: 032 2 51 70 08
მის: ჩაჩავას 1 /ლუბლიანას