Plasmon
ქავილი გამონაყარის გარეშე

თარიღი: 14 აგვისტო, 2023

ქავილი ალბათ ყველას გამოუცდია. ის უმეტესად გამონაყარს ახლავს თან, მაგრამ ხდება ისეც, რომ ყოველგვარი თვალსაჩინო გამოხატულების გარეშე იჩენს თავს.

ქავილი სხვადასხვა ინტენსივობისაა: შესაძლოა, მსუბუქად წამოგვექავოს ან, პირიქით, ისე გაგვამწაროს, რომ კანი დავიკაწროთ.

ქავილი ზოგჯერ თავისთავად გაივლის, ოღონდ არა მაშინ, როცა მის უკან რომელიმე დაავადება იმალება. ამ შემთხვევაში მკურნალობაა საჭირო და რაც უფრო ადრე დავიწყებთ მას, მით უკეთესი.

ქავილის მიზეზების შესახებ “ავერსის კლინიკის” ექიმ თერაპევტს, მედიცინის დოქტორ ნათია სვანიძეს ვესაუბრეთ.

 

გამონაყარის გარეშე განვითარებული კანის ქავილი ყოველთვის სულაც არ მიუთითებს სერიოზულ დაავადებაზე. ხშირად მისი მიზეზი უბრალოდ კანის სიმშრალეა.

მშრალი კანი, ქსეროზი, გავრცელებული ჩივილია. ის ვითარდება, როდესაც კანი ტენს კარგავს. შესაძლოა, აიქერცლოს კიდეც. ასეთი რამ ხშირია ხანდაზმულ ასაკში, განსაკუთრებით – ცივ თვეებში.

კანის ქავილს იწვევს კოღოს, ობობას, ტკიპას ნაკბენი, რომელიც შეიძლება იმდენად პატარა იყოს, რომ ვერც კი შეამჩნიოთ. ყველა საეჭვო შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან სხვადასხვა მკბენარის ნაკბენს სხვადასხვანაირი მკურნალობა სჭირდება.

რაც შეეხება დაავადებებს, გამონაყარის გარეშე ქავილს იწვევს:

● ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

ამ დროს ქავილი კანის გამოშრობის ბრალია. ამ კუთხით საყურადღებოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – ჰიპოთირეოიდიზმი. კანის სიმშრალესთან ერთად პაციენტი შესაძლოა უჩიოდეს დაღლილობას, სიცივის მიმართ გადაჭარბებულ მგრძნობელობას, შეკრულობას, წონის მატებას, სახის შეშუპებას, კუნთების სისუსტეს, მენსტრუაციის დარღვევას, თმისა და ფრჩხილების გათხელებას, გულისცემის შენელებას, დეპრესიას, მეხსიერების დაქვეითებას და სხვა. ამ ჩივილების შემთხვევაში საჭიროა ენდოკრინოლოგთან მისვლა, რათა შეირჩეს შესაბამისი კვლევა და დაისვას სწორი დიაგნოზი.

● თირკმლის ქრონიკული დაავადებები

– ვიცით, რომ თირკმელები სისხლს ფილტრავს. როდესაც ისინი დაავადებულია, მათი ფუნქცია თანდათან ქვეითდება და შესაძლოა, სხეულში სითხე, ელექტროლიტები, ნივთიერებათ ცვლის ნარჩენი პროდუქტები დაგროვდეს.

საწყის ეტაპზე, სანამ თირკმელები შეუქცევადად დაზიანდება, დაავადება მკვეთრი ნიშნებით შესაძლოა არც კი გამოვლინდეს.

თირკმელების უკმარისობის დროს კანის მუდმივი ქავილის მიზეზია კანის სიმშრალე, ოფლის გამოყოფის შემცირება, ნივთიერებათა ცვლის შენელება, სისხლში ტოქსინების დაგროვება, ორგანიზმში მიმდინარე ანთებითი პროცესები... კანი, ორგანიზმიდან ნარჩენი და ზედმეტი პროდუქტების გამომყოფი ერთ-ერთი ორგანო, ამ დროს გამოყოფს აზოტის ნარჩენ პროდუქტებს, რომლებიც კანში მდებარე ნერვულ დაბოლოებებს აღიზიანებს და ქავილს იწვევს.

თირკმლების უკმარისობა, გარდა ქავილისა, შესაძლოა გამოვლინდეს გულისრევა-ღებინებით, უმადობით, დაღლილობით და სისუსტით, ძილის დარღვევით, შარდვის დარღვევით, აზროვნების სიმკვეთრის შემცირებით, კუნთების თრთოლითა და კრუნჩხვებით, სახისა და ფეხების შეშუპებით, გულმკერდის არეში ტკივილით (თუ სითხე გულის პერანგში გროვდება) ან ქოშინით (სითხის ფილტვებში დაგროვებისას), მაღალი არტერიული წნევით.

თირკმელების ფუნქციის დარღვევას ყოველთვის აქვს რაღაც წინაპირობა. მაგალითად, შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის კენჭები), საშარდე გზების ხშირი ინფექცია, შაქრიანი დიაბეტი სისხლში მოუწესრიგებელი შაქრის დონით. ყურადღება უნდა მიექცეს დღე-ღამის განმავლობაში მიღებული სითხისა და გამოყოფილი შარდის თანაფარდობას. თუ შარდი შემცირდა ან, პირიქით, მოიმატა, უპირველეს ყოვლისა, შარდის საერთო ანალიზი უნდა ჩატარდეს, მასში ნანახი ცვლილების მიხედვით კი განისაზღვროს, საჭიროა თუ არა ნეფროლოგის ან უროლოგის კონსულტაცია.

დადასტურებული ფუნქციური უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც თირკმელი ვერ გამოყოფს ზედმეტ, ორგანიზმისთვის უსარგებლო ნივთიერებებს, ორგანიზმიდან მათი გამოტანა ხდება ე.წ. ხელოვნური თირკმლის – დიალიზის საშუალებით. შედეგად შემაწუხებელი ქავილიც ქრება.

● ღვიძლის დაავადებები

ღვიძლიც აქტიურად ფილტრავს სისხლს. მისი დაზიანება მთელი სხეულის მდგომარეობაზე აისახება. ქოლესტაზმა, ნაღვლის შეგუბებამ, შესაძლოა გამოიწვიოს კანის ქავილი გამონაყარის გარეშე. ამ შემთხვევაში ქავილს თან ახლავს შარდის გამუქება, განავლის გაბაცება, კანისა და სკლერის (თვალის თეთრი ნაწილის) სიყვითლე.

ალკოჰოლით გამოწვეული ღვიძლის დაავადებების დროს ქავილი იშვიათია, ის უფრო მეტად ღვიძლის ავტოიმუნური და ვირუსული დაავადებების დროს შეინიშნება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება C ვირუსული ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა სწრაფი ტესტით, რომელიც ფარულად მიმდინარე დაავადების გამოვლენის მარტივი საშუალებაა. გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართოთ ჰეპატოლოგს (ღვიძლის სპეციალისტს).

დადგენილია, რომ ღვიძლის დაავადებების დროს ქავილი უფრო მეტად ხელისგულებსა და ტერფებშია გამოხატული. ქავილი, როგორც წესი, მძაფრდება სითბოში და შესამჩნევლად იმატებს  ღამით.

● პანკრეასის დაავადებები

პანკრეასის დაავადებების დროსაც მოსალოდნელია ქავილი, რომელიც ასევე ქოლესტაზითაა გამოწვეული.

თუ პანკრეასის დაავადების დიაგნოზი უკვე დასმულია და ამ ფონზე თავი იჩინა ქავილმა, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს.

მხოლოდ კანის ქავილით პანკრეასის დაავადება არ ვლინდება და ქავილის გაჩენისას პანკრეასის გამოკვლევა აუცილებელი არ არის.

● რკინადეფიციტური ანემია

იშვიათად ქავილის მიზეზია რკინადეფიციტური ანემია. ეს უკანასკნელი ვითარდება, როდესაც ორგანიზმს არ აქვს რკინის საკმარისი მარაგი ჰემოგლობინის წარმოსაქმნელად.

თავად რკინადეფიციტური ანემიის მიზეზებია:

* სისხლის დაკარგვა – ვინაიდან სისხლი შეიცავს რკინას, მისი დაკარგვა რკინის დაკარგვას ნიშნავს. შესაბამისად, ანემია ემუქრებათ ქალებს, რომლებიც მენსტრუაციის გამო რეგულარულად კარგავენ სისხლს.

ქრონიკული სისხლდენა შესაძლოა თან ახლდეს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს, დიაფრაგმის ხვრელის თიაქარს, მსხვილი ნაწლავის პოლიპს ან კიბოს, სწორი ნაწლავის ნაპრალს, ჰემოროიდულ დაავადებას (ბუასილი). კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა შესაძლოა ასპირინმაც გამოიწვიოს.

* რაციონში რკინის ნაკლებობა (რკინით მდიდარია ხორცი, კვერცხი, ფოთლოვანი მწვანე ბოსტნეული);

* რკინის ათვისების შეუძლებლობა – საკვებში შემავალი რკინა შესაძლოა ორგანიზმმა სათანადოდ ვერ აითვისოს წვრილ ნაწლავში ამა თუ იმ დარღვევის, მაგალითად, ცელიაკიის გამო. თუ ნაწლავის ნაწილი ამოკვეთილია, ამანაც შეიძლება მოახდინოს გავლენა რკინისა და სხვა საკვები ნივთიერებების ათვისებაზე;

* ორსულობა – რკინადეფიციტური ანემია ხშირია ორსულებთან, რადგან მათი რკინის მარაგი უფრო მეტი მოცულობის სისხლს უნდა გასწვდეს და ჰემოგლობინის წყარო იყოს მზარდი ნაყოფისთვის, ამიტომ ორსულებს ხშირად რკინის დამატებითი მიღება სჭირდებათ.

რკინადეფიციტური ანემია ერთხანს შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ რაც უფრო უარესდება მდგომარეობა, მით უფრო მძაფრდება მისი ნიშნები და სიმპტომებიც: დაღლილობა, სისუსტე, კანის სიფერმკრთალე, ტკივილი გულმკერდის არეში, გულისცემის აჩქარება, ქოშინი, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, გონების დაკარგვა, ხელებისა და ფეხების გაცივება, ენის ტკივილი, ფრჩხილების სიმყიფე (მსხვრევადობა), ლტოლვა არასაკვები ნივთიერებების მიმართ და სხვა.

იშვიათად ამ ნიშნებს შეიძლება დაერთოს ქავილიც.

ანემიის დიაგნოზისთვის სისხლის საერთო ანალიზიც საკმარისია. სათანადო მკურნალობის შედეგად, რომელსაც ჰემატოლოგი დანიშნავს, ჩივილები გაქრება.

● ნერვების დაზიანება

ქავილი შესაძლოა ნერვების დაზიანების შედეგადაც განვითარდეს.

ნერვები კანიდან ტვინისკენ გზავნის შეტყობინებებს. ნერვებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის ქავილი ან ტკივილი ხილული დაზიანების გარეშე.

არსებობს ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული რამდენიმე მდგომარეობა, რომლებმაც  შეიძლება გამოიწვიოს ქავილი ან სხვა შეგრძნებები კანზე გამონაყარის გარეშე:

* შაქრიანი დიაბეტი. ამ დროს ქავილის მიზეზია კანის სიმშრალე და კანის გზით ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების გამოყოფა. დაგროვილი ნივთიერებები სხეულის ნერვულ დაბოლოებებს აზიანებს და შეგრძნებათა ცვლილებას იწვევს (ვითარდება ნეიროპათია). სისხლში შაქრის მაღალ დონეს უმეტესად ქვედა კიდურების დაზიანებამდე მივყავართ.

დიაბეტით გამოწვეული ქავილის შემსუბუქება შესაძლებელია სისხლში გლუკოზის დონის დარეგულირებით, მედიკამენტების მიღებით და ცხოვრების წესის შეცვლით. ამასთან ერთად, საჭიროა კანის დატენიანება და ქავილის საწინააღმდეგო კრემების გამოყენება.

არსებობს დიაბეტური ტერფის მოვლის რეკომენდაციები, რომლებსაც პაციენტს პირადი ენდოკრინოლოგი გააცნობს. მათი დაცვა არა მარტო ქავილს, არამედ გაცილებით საშიშ გართულებებსაც აგაცილებთ თავიდან.

* სარტყლისებრი ლიქენი, იგივე ჰერპეს ზოსტერი. ეს არის ვირუსული დაავადება, რომელიც წვას, ტკივილს, ჩხვლეტას, დაბუჟებას და ქავილს იწვევს. ქავილი ხშირად თავს იჩენს ბუშტუკოვანი გამონაყარის გაჩენამდე ერთი-ხუთი დღით ადრე.

გამონაყარის გაჩენამდე დიაგნოზის დასმა შესაძლებელია, თუმცა ძნელი.

ჰერპეს ზოსტერით დაავადებულთა უმეტესობას გადატანილი აქვს ჩუტყვავილა.

ეჭვის შემთხვევაში ტარდება სპეციფიკური ლაბორატორიული ტესტი.

ქავილისა და სხვა სიმპტომების უფრო სწრაფად ალაგებისთვის ანტივირუსული პრეპარატები გამოიყენება.

* ნერვზე ზეწოლა, კომპრესია. მიმდებარე ქსოვილების, ძვლის, ხრტილის, კუნთის ან მყესის ნერვზე ზეწოლა იწვევს ტკივილს, ჩხვლეტას, დაბუჟებას, სისუსტეს და ზოგ შემთხვევაში – ქავილის შეგრძნებასაც. ასეთი შეგრძნება სხეულის სხვადასხვა უბანზე შეიძლება განვითარდეს. მაგალითად, ხერხემლის ქვედა ნაწილში არსებული მალათაშუა დისკოს თიაქარი შეიძლება აწვებოდეს ნერვის ფესვს და ფეხის უკანა მხარეს იწვევდეს უსიამოვნო შეგრძნებებს, მაჯაში გამავალ ნერვზე ზეწოლას კი ხელისა და თითების ტკივილი და დაბუჟება (მაჯის გვირაბის სინდრომი) მოსდევს.

დასვენებისა და კონსერვატიული მკურნალობის შედეგად პაციენტთა უმეტესობა რამდენიმე დღეში ან კვირაში გამოჯანმრთელდება, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

● კიბო

იშვიათად კანის ქავილი გამონაყარის გარეშე კიბოს ნიშანია. ზოგიერთი სიმსივნე გამოყოფს ნივთიერებებს, რომლებზეც ორგანიზმი მძაფრად რეაგირებს. ქავილი თან ახლავს კანის ზოგიერთ კიბოს, მაგალითად, მელანომას.

კიბოს მკურნალობის, მაგალითად, ქიმიოთერაპიის შედეგად, წესისამებრ, ქავილიც ქრება, თუმცა ხდება ისეც, რომ თავად მკურნალობა იქცევა ქავილის მიზეზად. არსებობს კიბოს დროს გამოსაყენებელი წამლები (მაგალითად, ერლოტინიბი), რომელთა ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი ქავილია. სხვა შემთხვევაში კი ქავილის შეგრძნება შესაძლოა კონკრეტული წამლის მიმართ ალერგიის ნიშანი იყოს.

● ფსიქიკური დარღვევები

შფოთვა, დეპრესია, ფსიქოზი, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ასევე შეიძლება ქავილის მიზეზად იქცეს. ამ შემთხვევაში პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობა.

ძლიერი ფსიქოემოციური გადაძაბვისა და სტრესის ფონზე ხშირად ვითარდება დაუძლეველი ქავილის სინდრომი, რომელიც უწამლოდაც გაივლის სტრესის მოხსნის შემდეგ.

● აივ ინფექცია

ქავილი, გამონაყარით თუ მის გარეშე, აივ-ინფექციასაც ახაისათებს. იმის გამო, რომ აივი ამცირებს ორგანიზმის ინფექციასთან ბრძოლის უნარს, აივინფიცირებულები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კანის ისეთი დაავადებებისკენ, რომლებიც ქავილს იწვევს.

ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს კანის სიმშრალე, დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი. ზოგიერთ შემთხვევაში ქავილს აივ-ინფექციის სამკურნალო წამლებიც იწვევს.

ქავილის შესამცირებლად აუცილებელია ინფექციის მკურნალობის გეგმის მიყოლა, საჭიროებისას – მშრალი თუ გაღიზიანებული კანის მოვლა, ანტიჰისტამინური საშუალებების მიღება. ზოგჯერ ფოტოთერაპიასაც (კანზე სინათლით ზემოქმედებას) მიმართავენ.

● მედიკამენტები

გამონაყარის გარეშე ქავილს იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც, მათ შორის:

* ოპიოიდების ჯგუფის ტკივილგამაყუჩებლები (პარაცეტამოლი, მორფინი, ფენტანილი);

* არტერიული წნევის დამწევი პრეპარატები (ამლოდიპინი);

* სტატინები – მედიკამენტები, რომლებიც ინიშნება  სისხლში ქოლესტეროლის დონის დასაწევად. ქავილის მიზეზად შეიძლება იქცეს სტატინებით ღვიძლის დაზიანება;

* ვიტამინი B3 (PP) – ნიაცინი. მისი მიღებით გამოწვეული ქავილის შესამსუბუქებლად შეიძლება წინასწარ ასპირინის მიღება.

თუ წამალი არასწორად ან შეუსაბამო დოზით იქნა დანიშნული, ორგანოებსა და მათ სისტემებს დააზიანებს. ასეთი ეფექტი აქვს სისხლის გამათხელებლებს, ანტიმალარიულ პრეპარატებს, დიაბეტის სამკურნალო საშუალებებს, ანტიბიოტიკებს.

ყველა აღნიშნულ შემთხვევაში წამლის მიღების შეწყვეტასთან ერთად ქავილიც შეწყდება. თუ პაციენტი ეჭვობს, რომ ქავილი წამალმა გამოიწვია, აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს და არავითარ შემთხვევაში თვითნებურად არ  შეწყვიტოს წამლის მიღება. საჭიროებისამებრ, მას ალტერნატიულ საშუალებებს შეურჩევენ.

სიმპტომური მეთოდები
გარდა მიზეზის აღმოფხვრისა, რით შეიძლება ქავილის დაცხრობა?
ყველაზე ეფექტური გზა, რა თქმა უნდა, მიზეზზე ზემოქმედებაა, მაგრამ დაგეხმარებათ რეკომენდაციებიც, რომელთა შესრულება ხელს შეუშლის კანის შემდგომ გამოშრობას:

- ერიდეთ ქიმიკატების შემცველი ჰიგიენური საშუალებების გამოყენებას. ეცადეთ, ჰიპოალერგიული საშუალებები გამოიყენოთ.

- ბინის ჰაერი რეგულარულად დაანოტივეთ, განსაკუთრებით – ზამთარში.

- რეგულარულად ისვით დამატენიანებელი კრემი, განსაკუთრებით – შხაპისა და აბაზანის შემდეგ.

- ნუ დარჩებით საშხაპეში ათ წუთზე მეტხანს.

- დაიბანეთ თბილი და არა ცხელი წყლით.

- მოერიდეთ მშრალი კანის ძლიერად მოქავებას – შესაძლოა, გაიკაწროს და ნაკაწრიდან კანში ინფექცია შეიჭრას.

- გამოიყენეთ ურეცეპტოდ გასაცემი ქავილის საწინააღმდეგო კრემები, კორტიკოსტეროიდული კრემები (ოღონდ მცირე დოზით და მცირე ხანს!), მენთოლის ან კაპსაიცინის შემცველი კრემები, ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები.

- მიიღეთ ალერგიის სამკურნალოდ გამოსაყენებელი ანტიჰისტამინური საშუალებები.

- მოსინჯეთ ნელთბილი აბაზანა ნახევარი ჭიქა სოდით, შვრიის საფუძველზე დამზადებული დასაბანი საშუალება ან მაგნიუმის სულფატი.

კანი რომ არ დაიკაწროს, მქავანა არეები დაფარული გქონდეთ, ღამით გაიკეთეთ ხელთათმანები, მოკლედ დაიჭერით ფრჩხილები. საზოგადოდ, უმჯობესია გეცვათ მსუბუქად და თავისუფლად – მჭიდრო ტანსაცმელმა შესაძლოა ოფლიანობა გამოიწვიოს, რაც ქავილს გაამძაფრებს.

საყურადღებო ნიშნები
როდის არის საყურადღებო ქავილი?
თუ ქავილი მეტისმეტად შემაწუხებელია, ვრცელდება მთელ სხეულზე ან სხეულის მგრძნობიარე ნაწილებზე, თან ახლავს დაღლილობა, წონის კლება, ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, ორ კვირაზე მეტია გრძელდება და, მიუხედავად შინ გამოყენებული საშუალებებისა, არ მცირდება, განვითარდა მოულოდნელად, აშკარა მიზეზის გარეშე, ან იმდენად მძიმეა, რომ ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებასა და ძილში, აუცილებელია, საქმეში ექიმი ჩაერთოს.

წყარო: "ჟურნალი ავერსი"