Plasmon
რა მეთოდით შეიძლება ხორცმეტების მოშორება

თარიღი: 06 თებერვალი, 2023

ხორცმეტი, იგივე რბილი ფიბრომა, რბილი მრგვალი ფორმის მეჭეჭის მაგვარი წარმონაქმნია, რომელიც კანზე ჩნდება. კლინიკა “კანის” ექიმი დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი განმარტავს, რომ მისი წარმოშობის მიზეზი კანის პაპილომა ვირუსია, რომელიც ავთვისებიანობით არ ხასიათდება.

რა წარმონაქმნია ხორცმეტი?
ხორცმეტი უფრო ხალხური სახელწოდებაა, მოსახლეობაში ხშირად პაპილომასაც ეძახიან, მას რბილი ფიბრომა ჰქვია და ის ვირუსული წარმონაქმნია, თუმცა ავთვისებიანობით არ გამოირჩევა, ანუ კეთილთვისებიანია.

სხეულის რა ნაწილებში გვხვდება ყვლაზე ხშირად?
მას აქვს „საყვარელი“ ადგილები, ეს არის კანის რბილის ნაწილები – კისრის მიდამო, იღლიის ფოსო, საზარდულის მიდამო, მკერდის ქვემოთ, სადაც რბილი ნაწილებია, იქ ჩნდება.

რა იწვევს რბილ ფიბრომას?
მისი გამომწვევია პაპილომა ვირუსი, რომელიც ყველა ადამიანს გვაქვს კანზე, რის გამოც ზოგიერთს შეიძლება მეჭეჭი გაუჩნდეს, ზოიერთს – ხორცმეტი. მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი, ჭარბი წონა, მომატებული ოფლიანობა. რადგან პაპილომა ვირუსთან გვაქვს საქმე, რომელიც კანზე არსებობს, წარმონაქმნები ძალიან სწრაფად მრავლდება. ერთიდან შეიძლება ხუთი გაჩნდეს, ხუთიდან – ათი.

ავთვისებიანი არ არის, უბრალოდ ესთეტიკურად არ არის სასიამოვნო, ამიტომ მოგვმართავენ პაციენტები გამოსაკვლევად – შეიძლება თუ არა მისი მოცილება და რა მეთოდით.

კლინიკაში ხდება დიაგნოსტიკა, ვადგენთ რა ტიპის წარმონაქმნია, არის თუ არა რბილი ფიბრომა, ან შეიძლება პაციენტს რბილი ფიბრომა ჰგონია, მაგრამ ჩვეულებრივი პაპილომას მაგვარი ნევუსი, ანუ პაპილომას მაგვარი ხალი იყოს.

რა მეთოდები არსებობს მათ მოსაშორებლად?
თუ პაციენტს აწუხებს ხორცმეტის არსებობა სხეულზე, ვიზუალურად არ მოსწონს, ან ისეთ ადგილზეა, რომ ხშირად ტრავმირდება, შეუძლია მოიშოროს ორი მეთოდით.

პირველი მეთოდი, ეს არის კრიოდესტრუქცია – როცა თხევადი აზოტით ხდება მოყინვა და არის აგრეთვე ელექტროკოაგულაცია, როდესაც ელექტროდენის ძალის საშუალებით ხდება მისი მოცილება.

ჯერ დიაგნოსტიკა უნდა ჩავატაროთ და შემდეგ შევარჩიოთ მოცილების მეთოდი.

რას გულისხმობს ეს მეთოდები?
კრიოდესტრუქცია უმტკივნეულო პროცედურაა, ამ დროს გამოიყენება სპეციალური სითხე, რომელიც გაყინულია -180 გრადუსზე. სპეციალური აპარატით ხდება მისხურება წანაზარდის ადგილზე, ამას ვეძახით მოყინვას ანუ იყინება წარმონაქმნი.

აზოტი რამდენიმე დღეში იწყებს მოქმედებას, წანაზარდი ფერს იცვლის, მოხმება და ძვრება.

მეორე მეთოდს რაც შეეხება, კეთდება ადგილობრივი ანესთეზია და იმ წამსვე იწვება, იმ დღესვე პაციენტს არაფერი აქვს.

კრიოდესტრუქციის შემთხვევაში, შეიძლება პაციენტს განმეორებითი პროცედურა დასჭირდეს ორ კვირაში, შეიძლება – არც. პაციენტი ყველა შემთხვევაში გაფრთხილებულია, რომ ორ კვირაში მივიდეს ექიმთან, რომ გადამოწმდეს, სჭირდება თუ არა მას შემდეგი პროცედურა.

რაიმე სხვაში, უფრო საყურადღებოში შეიძლება აგვერიოს ხორცმეტი?
რბილი ფიბრომა ზოგადად რბილი კონსისტენციისა, ხელითაც რომ შევეხებით, არის რბილი და კანისფერი, არ განსხვავდება დანარჩენი კანის ფერისგან.

თუ ამ  წანაზარდზე პაციენტი შენიშნავს პიგმენტურ ჩანართს, დავუშვათ – მოყავისფრო ელფერის, უნდა მიმართოს ექიმს, რათა დავრწმუნდეთ, ფიბრომაა თუ ჩვეულებრივ ნევუსთან/ხალთან გვაქვს საქმე. ეს იმისთვის არა, რომ დიფერენცირება გავაკეთოთ, რაიმე ონკოლოგიური საშიშროების რისკი რომ იყოს. უბრალოდ, ერთია – რბილი ფიბრომა, მეორე შეიძლება იყოს პიგმენტური, ანუ შესაძლოა ხალთან გვაქვს საქმე და ეს უნდა ვიცოდეთ, რომ მოვუფრთხილდეთ, არ გავაღიზიანოთ, არ გავირუჯოთ აქტიურად.

ამ ტიპის პაპილომა ვირუსისთვის ცალკე მკურნალობა ინიშნება?
ამ დროს მედიკამენტური მკურნალობა არ ინიშნება, იმიტომ, რომ გარეგან ვირუსთან გვაქვს საქმე, უბრალოდ, ამ მეთოდით ხდება წარმონაქმნების მოცილება.

არსებობს იმის შანსი, რომ რბილი ფიბრომები კიდევ გაჩნდეს, ანუ მოხდეს რეციდივი, ამიტომ როცა 1 და 2 გამოჩნდება, ექიმს უნდა მიმართოთ მაშინ, ანუ მანამ, სანამ გამრავლდება ან უფრო დიდ ზომას მიიღებს, იმიტომ, რომ მზარდიც შეიძლება იყოს ეს პაპილომები, ანუ ზომაშიც შეიძლება მოიმატოს.

საშიშია, თუ შემთხვევით დაზიანდა?
რა თქმა უნდა, ზიანდება, სისხლიც შეიძლება წამოვიდეს, როცა რბილი ფიბრომის მთლიანობა ირღვევა. ეს საშიში არ არის.

სისხლის წამოსვლისას დაზიანებული ადგილი უნდა მოიწმინდოთ ანტისეპტიკის საშუალებებით. მთავარია, არ ჩავხუთოთ დაზიანებული ადგილი, „ლეიკოს“ გადააკრავენ ხოლმე, რა დროსაც უფრო ჭირს მოშუშება. ჯობს, ღია მდგომარეობაში იყოს, მოვწმინდოთ ანტისეპტიკური საშუალებებით და დავაკვირდეთ, როგორ შუშდება მანამ, სანამ ექიმთან მივალთ.

მოცილების შემდეგ როგორ ვუვლით?
მოცილების შემდეგ 24 საათის განმავლობაში ბანაობისგან ვიკავებთ თავს, წყალი არ უნდა მივაკაროთ, სხვა არანაირი შეზღუდვა არ არის. შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, დილით და საღამოს, სპეციალური ანტისეპტიკური საშუალებებით დავამუშავებთ ამ ადგილს.

წყარო: https://batumelebi.netgazeti.ge