Plasmon
როდის ინიშნება გასახდომი კანქვეშა ინექცია და რამდენად უსაფრთხოა ის

თარიღი: 24 აგვისტო, 2023

რას წარმოადგენს ე.წ. „გასახდომი ნემსები“, რა დროს ხდება მათი გამოყენება, რამდენად უსაფრთხოა ისინი და რამდენად კარგი შედეგი აქვს მათ, როგორ უნდა ვებრძოლოთ სწორად ჭარბ წონას და როგორია წონის კლების იდეალური ინდექსი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ენდოკრინოლოგმა თამარ ხასაიამ ისაუბრა.

 

რას წარმოადგენს ე.წ. „ გასახდომი ნემსები“, ანუ კანქვეშა ინიექციები , რომლებიც უცებ შემოვარდა ბაზარზე და ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს და რეალურად რამდენად შედეგიანია მათი გამოყენება?
ეს არის ახალი ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც  დიაბეტი ტიპი ორის მართვისთვის შეიქმნა. მათ გააჩნიათ კარგი თვისება, მოახდინონ გლიკემიის ნორმალიზება, როგორც უზმოდ, ასევე ჭამიდან 2 საათში, ანუ პრანდიალური გლიკემიის. ამ ყველაფერს კი თავის მხრივ გლიკოზირებული ჰემოგლობინის დონის ნორმალიზებისკენ მივყავართ, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარკერია დიაბეტის სწორად მართვის შეფასებისთვის. დამატებითი თვისება, რაც ამ პრეპარატებმა გამოავლინეს, ეს არის წონის კორექტირების თემა, ვგულისხმობ წონის კლებას, რაც ამ პრეპარატების ერთ-ერთ დიდ პლუსად ითვლება, თუმცა ეს პრეპარატები გასახდომი საშუალებები არ არიან, ეს ამ პრეპარატების არასწორი ინტერპრეტირებაა. რამდენად ახალი ეპოქაა ეს დიაბეტის მართვაში, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეს ნამდვილად ახალი ეტაპია დიაბეტი ტიპი ორის მართვაში.

 

ეს პრეპარატები დიაბეტი ტიპი ორის დროს ყველა შემთხვევაში ინიშნება თუ მხოლოდ რიგ შემთხვევებში და ანაცვლებს თუ არა ეს კანქვეშა ინიექციები იმ პრეპარატებს, რომელთაც უკვე წლებია იყენებთ დიაბეტი ტიპი ორის მართვისას?
დიაბეტი ტიპი ორის მართვაში ეს პრეპარატები გამოიყენება მაშინ, როცა დიაბეტი ტიპი ორი ჭარბი წონით მიმდინარეობს. მექანიზმი დიაბეტი ტიპი ორის ეს არის საკუთარი ინსულინისადმი მგრძნობელობის დაქვეითება, ანუ ინსულინრეზისტენტობა. ეს პრეპარატები კი ზუსტად იმის საშუალებას იძლევა, რომ ეს რეზისტენტობის თემა შემცირდეს. რაც შეეხება ამ პრეპარატებით ტაბლეტირებული თერაპიის ან ინსულინოთერაპიის ჩანაცვლებას, გეტყვით, რომ არა, არ ანაცვლებს, რადგან ყველა პრეპარატს თავისი ნიშა აქვს. დიახ, ამ ჯგუფის პრეპარატებიდან ერთ-ერთი გამოიყენება ერთ კომპონენტიან მართვაში, თუმცა უმეტესად გამოიყენება ტაბლეტირებულ ან ინსულინოთერაპიასთან კომბინაციაში. ამ პრეპარატებზე აქცენტი კეთდება, რადგან როცა ტაბლეტირებული თერაპიით თუ ტაბლეტირებულ თერაპიას დამატებული ინსულინოთერაპიით ვერ ხერხდება გლიკემიის დონის ნორმალიზება, მაშინ ზუსტად აი ეს, უახლესი ჯგუფის პრეპარატები გვაძლევს საშუალებას მოხდეს გლიკემიის დონის ნორმალიზება და პლუს ამას წონის კორექცია, ზუსტად საკუთარი ინსულინისადმი რეზისტენტობის შემცირების ხარჯზე. რეზისტენტობა კი თავის მხრივ წონის კორექტირების გამო მცირდება.

 

როდესაც ხდება დიაბეტი ტიპი ორის მართვა, პირველი ყოველთვის არის სწორი კვება, თუნდაც წონის კორექციაზეც რომ ვისაუბროთ, სწორი კვების შერჩევის გარეშე ეს ნამდვილად შეუძლებელია. პირველი კომპონენტი ყოველთვის ჯანსაღი, თითოეულ პაციენტზე მორგებული კვების რეჟიმია და ამას უკვე შემდგომ ემატება ტაბლეტირებული თერაპია, ინსულინოთერაპია თუ აი ეს უახლესი ჯგუფის პრეპარატები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ.

 

ჭარბი წონის მქონე ადამიანმა რა შემთხვევაში უნდა დაიწყოს ამ პრეპარატების მოხმარება?
ჭარბ წონას წინ ყოველთვის უძღვის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა, სხვა მთელ რიგ დარღვევებთან ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ ნახშირწყლოვანი ცვლა გვაქვს დარღვეული, არის ჩვენება ამ პრეპარატების გამოყენების.

 

რაც შეეხება ჩვენებებს, ესენია: დიაბეტი ტიპი ორი, არის გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, პრედიაბეტი, ინსულინრეზისტენტობა, რომელსაც ახლავს ჭარბი წონა. ამ პრეპარატებისთვის მოიძებნა ნიშა, ეს არის იმ ადამიანებისთვის, რომელთაც გააჩნიათ ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა.

 

როგორც ყველა პრეპარატს, რა თქმა უნდა, ამ პრეპარატებსაც გააჩნიათ თავისი უკუჩვენება, ამიტომ ასე თვითნებურად არც ამ პრეპარატების და არც სხვა პრეპარატების მიღება არ შეიძლება. ამ პრეპარატების უკუჩვენებას წარმოადგენს მაღალი მგრძნობელობა და ალერგიული რეაქცია იმ ძირითადი მოქმედი ნივთიერებისადმი, რომელსაც ეს პრეპარატები წარმოადგენენ.

 

ამ პრეპარატებს არ ვნიშნავთ, თუ არის დიაბეტი ტიპი ერთი, ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კიბო ან ოჯახური გენეზი ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეების, თუ გვაქვს 18 წლამდე ახალგაზრდა ასაკი, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევები, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მძიმე სტადია, გულის უკმარისობის მეოთხე ფრაქციული სტადია, ასევე 75 წლის ზემოთ, რადგან კვლევებმა დაადასტურა, რომ ამ შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატების ეფექტურობა მაღალი არ არის.

 

რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, შეიძლება იყოს: ღებინება, გულისრევის შეგრძნება, დიარეა, მოვლითი ტკივილი მუცლის ღრუში. ყველა პრეპარატს აქვს თავისი სამედიცინო ჩვენება, რის საფუძველზეც ექიმი მას ან ირჩევს ან არ ირჩევს.

 

ყველაზე ხშირი კითხვა, რომელიც ამ პრეპარატებთან მიმართებით ისმის, გახლავთ შემდეგი, არის თუ არა ეს პრეპარატები უსაფრთხო.

 

როგორც უკვე გითხარით, ყველა პრეპარატს აქვს უკუჩვენება. როცა პრეპარატი საჭიროა და სწორად არის შერჩეული, ის სასარგებლოა, სხვა შემთხვევაში, ის ყოველთვის მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

 

რამდენად შეესაბამება სიმართლეს მოსაზრება, რომ ეს პრეპარატები მადას აქვეითებენ?
დიახ, სწორია, რადგან შიმშილის ცენტრში არსებობს რეცეპტორები, რომელთაც ამ პრეპარატების ნივთიერებები უკავშირდებიან და იწვევენ მადის დათრგუნვას, რაც პაციენტისთვის დიეტას უფრო ასატანს ხდის. რა თქმა უნდა, მკურნალობისას ამ ტიპის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად სხვა პრეპარატებიც გვეხმარებიან. წონის კლების ხარჯზე უმჯობესდება გრძნობა საკუთარი ინსულინისადმი და შესაბამისად, მოთხოვნილება ტკბილზე, ცომეულზე და ა.შ. მცირდება და პაციენტებს აღარ აქვთ მუდმივი, მტანჯველი შიმშილის განცდა.

 

ანუ ბევრი დადებითი თვისებაც აქვს…

 

ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. უახლოეს კვლევებს რომ გადავხედე, რაც ყველაზე მეტად მენიშნა არის ის, რომ მკურნალობის პერიოდში ამ პრეპარატით თანდათან უმჯობესდება ბეტა უჯრედების ფუნქცია კუჭქვეშა ჯირკვალში, რაც ინსულინის წყარო გახლავთ. ეს კი პრეპარატისთვის, რომელსაც დიაბეტი ტიპი ორის მკურნალობისთვის ვიყენებთ, ერთ-ერთი დიდი პლუსია.

 

შედეგი, რომელიც ამ პრეპარატების მიღებით მიიღწევა, ყოველთვის 100 %-იანია?
უმეტეს შემთხვევაში შედეგი დადებითია, თუმცა ეს, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ დიეტოთერაპიის ფონზე. არცერთი პრეპარატი არ არის პანაცეა, თუ ჩვენ სწორი კვების რეჟიმი არ გვაქვს, მხოლოდ პრეპარატის ხარჯზე, დადებითი შედეგი არ მიიღწევა. არის პაციენტების 2%, რომელთანაც ისინი, ასე რომ ვთქვათ, შედეგს ვერ დებენ, ანუ მათი მგრძნობელობა ამ პრეპარატებისადმი არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს.

 

რამდენი ხანი, რა პერიოდით უნდა გამოვიყენოთ აღნიშნული პრეპარატები, რომ შედეგი დავინახოთ?
პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან ერთ კვირაში შედეგი უკვე ვლინდება. ეს კლების ინტენსივობა უკვე გვაძლევს ექიმებს საშუალებას მოვახდინოთ დოზის კორექტირება. თუ პაციენტი 12 კვირის განმავლობაში მაქსიმალურ დოზაზე გვყავს და მისი წონის კლება არ აღემატება საწყისი წონის 5 %-ს, ამ შემთხვევაში ამ პრეპარატით მკურნალობის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

 

ჩვენ ასეთი პრეპარატების რამდენიმე დასახელება ვიცით, განსაკუთრებული პოპულარობით კი სამი მათგანი სარგებლობს, რომელია მათ შორის ყველაზე ეფექტური?
მე არ მყოლია პაციენტი, რომელსაც სწორად გაეკეთებინოს დანიშნულება და შედეგი არ ჰქონოდეს, რომ რომელიმე მათგანი გამოვარჩიო. შეიძლება, რომ ერთ რომელიმე დასახელებაზე უფრო კარგ ეფექტს იძლეოდეს ორგანიზმი, ვიდრე მეორეზე, რადგან მოქმედი ნივთიერების გარდა მათ სხვა დამხმარე ნივთიერებებიც გააჩნიათ და ზუსტად ამიტომ არის პრეპარატის სწორად, ინდივიდუალურად შერჩევა საჭირო.

 

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პრეპარატზე, რომელიც გარკვეულ შედეგს გვაძლევს, რა ხდება მაშინ, როცა ამ პრეპარატის მიღებას ვწყვეტთ?
შაქრიანი დიაბეტი ტიპი ორის დროს არის პრეპარატები, რომელთაც პაციენტები მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებენ, რადგან დაავადება არ ქრება. რაც შეეხება ჭარბ წონას, ინსულინრეზისტენტობას, პრედიაბეტს, თუ აქ ხდება სასურველი ნიშის მიღწევა, ანუ თუ პაციენტი გადადის კომპენსაციის სტადიაში, ნებისმიერი მათგანის მოხსნა შეიძლება, მხოლოდ კვების რეჟიმის შენარჩუნების ხარჯზე. ეს არ არის სტატიკური მდგომარეობა, ადამიანი რომ კარგ წონას, კარგ ანალიზებს და გასწორებულ ნივთიერებათა ცვლას მიიღებს, არ ნიშნავს იმას, რომ საწყის მდგომარეობას არ დაუბრუნდება, თუ ის 3 თვეში ისევ, ცოტა ირონიით რომ ვთქვათ, „ქართულად კვებას“ დაიწყებს. მე არ ვამბობ, რომ დიეტა მარტივია, რადგან ის ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. უბრალოდ, ადამიანს უნდა ჰქონდეს პრიორიტეტი, თუ რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, ჯანმრთელობა თუ ის სიამოვნება, რასაც საკვების მირთმევისგან იღებენ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, ამ პროცესში ფსიქოლოგების ჩართულობა, რადგან ნამდვილად, როცა არის საკვებისადმი პათოლოგიური დამოკიდებულება, ეს თუ თვითონ არ განუცდია ადამიანს, ძნელია ვინმეს გადასცეს, რატომ შეიძლება ჰქონდეს ნახშირწყლისადმი ასეთი დამოკიდებულება. ამის ახსნის მექანიზმი არსებობს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არ არის დაუძლეველი პრობლემა. ეს პრეპარატები ზუსტად ამ დამოკიდებულების დათრგუნვაში გვეხმარებიან და პაციენტებს აღარ აქვთ მუდმივი, მტანჯველი შიმშილის განცდა.

 

როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ის ძალიან სწრაფად, უეცრად იმატებს წონაში და შემდეგ ძალიან უჭირს კლება?
პირველ რიგში, ჭარბი წონის გამშვები მექანიზმი ეს არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა ე.წ. ინსულინრეზისტენტობა, როცა საკუთარი ინსულინისადმი მგრძნობელობა ქვეითდება, ანუ 100 გრამი გლუკოზის დახარჯვას, იმაზე მეტი ინსულინი სჭირდება, ვიდრე ნორმით არის გათვლილი. საწყის ეტაპზე, ასეთ ადამიანს თვითონ გლუკოზა, უზმოდაც და ჭამიდან 2 საათშიც, შეიძლება ნორმაში ჰქონდეს, მაგრამ თვითონ ინსულინი ჰქონდეს ბევრი და ზუსტად ეს ინსულინი არის გამშვები მექანიზმი წონის აკრეფის. რაც მეტია წონა, მით უფრო მეტია რეზისტენტობა და რაც მეტია რეზისტენტობა, მით უფრო მეტია ინსულინი და უკვე მანკიერ წრეში შევდივართ. ამას შემდგომ ეტაპზე უკვე მივყავართ ჭამიდან 2 საათში გლიკემიის მატებისკენ. ძალიან ხშირი შეცდომაა, როცა მხოლოდ უზმოდ ვამოწმებთ გლუკოზას და ყურადღების მიღმა გვრჩება გლიკემია ჭამიდან 2 საათში. შაქარი მე ჭამიდან 2 საათში მექნება თუ უზმოდ, ყველა ვარიანტში მივიღებ გვერდით ეფექტს, იმას, რასაც მაღალი გლიკემია აზიანებს, იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები, ნერვული დაბოლოებების, თირკმლის, ღვიძლის თუ ა.შ. ამის შემდგომ უკვე იწყება უზმოდ გლიკემიის მატება, ანუ უკვე გადავდივართ პრედიაბეტისკენ და საბოლოოდ უკვე ვიღებთ დიაბეტს. იმისთვის, რომ ჩვენ ეს საფეხურები არ გავიაროთ და არ მივიდეთ დიაბეტამდე, საწყის ეტაპზევე უნდა მოხდეს მისი სწორად მკურნალობა. პირველი კომპონენტი, როგორც უკვე გითხარით, სწორად შერჩეული კვების რეჟიმია, რადგან გვაქვს ინსულინრეზისტენტობა, გვაქვს რეზისტენტობა ლეპტინისადმი, ანუ ტვინი დაგვიანებით იღებს იმპულსს, სიგნალს სიმაძღრეზე და მადა, რაც უფრო იზრდება რეზისტენტობა ინსულინისადმი, ანუ ლეპტინისადმი, მით უფრო ძლიერი გვაქვს, ანუ ადამიანი საკვებზე პათოლოგიურად დამოკიდებული ხდება და ვერ აღიქვამს სიმაძღრეს. დროული ჩართულობა პირველივე ეტაპზე, როცა ინსულინრეზისტენტობა გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, რომ შემდგომი ეტაპები არ დადგეს და ასევე შემცირდეს დიაბეტის განვითარების რისკი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიაბეტი არ არის მარტივი დაავადება, ისევ და ისევ იმ გართულებების გამო, რომელიც მას თან ახლავს.

 

თქვენი დაკვირვებით, დაახლოებით რა დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ინსულინრეზისტენტობიდან ტიპური დიაბეტი ჩამოყალიბდეს?
ისევე როგორც მკურნალობის ვადა, ესეც ძალიან ინდივიდუალურია, შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ ადამიანის დიაგნოზი ინსულინრეზისტენტობა დარჩეს და საერთოდ არ მივიდეს დიაბეტამდე. ყველაზე რთული ეს არის კვების რეჟიმი და ჯანსაღი ცხოვრების წესი. კვების რეჟიმს კიდევ უფრო შეუწყობ ადამიანი ხელს, ვიდრე ფიზიკურ აქტივობას, რადგან ვიტყოდი, რომ ჩვენს ქვეყანაში დატვირთვიდან გამომდინარე, ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან რთულია, თუმცა ალბათ, არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ამას ახერხებენ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია. კვების რეჟიმი კი ჩვენს ხელშია და არ უნდა გამოვიყენოთ ის პროდუქტები, რომლებიც გართულებების განვითარებას შეუწყობენ ხელს. დიეტა უპირველესია, იქნება ინსულინრეზისტენტობა, გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა თუ მხოლოდ ჭარბი წონა, რა თქმა უნდა, თუ შეიძლება, რომ ჭარბი წონა მხოლოდ ციფრები იყოს, რადგან არ არსებობს, არ იყოს რაიმე ისეთი მექანიზმი, რამაც ჭარბი წონის განავითარა გამოიწვია. ყოველთვის, როცა პაციენტი მოდის ექიმთან, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა არის გამშვები მექანიზმი, რომ განვსაზღვროთ, რა ჯგუფის მედიკამენტები შევარჩიოთ, რომ დადებითი შედეგები მივიღოთ და არა ისე, რომ რომელიმე კონკრეტული დასახელების მედიკამენტი მოსწონდეს პაციენტს და მაინც და მაინც იმის გაკეთება მოითხოვოს. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ძალიან მოეწონა ერთ-ერთი პრეპარატი ამ ჯგუფიდან, მაგრამ მას არ ჰქონდა ამ პრეპარატის დანიშვნის ჩვენება და რა თქმა უნდა, არ დავნიშნე. მით უმეტეს, რომ მას სწორი კვების ფონზე 4 კილოგრამის კლება ჰქონდა 6 კვირის განმავლობაში, რაც სრულიად ნორმალურია მისი წონის ინდექსისთვის.

 

სწორ კვებასთან დაკავშირებით ხშირად გვესმის სხვადასხვა მოსაზრებები, რომ განგვიმარტოთ, უფრო ზუსტად რას გულისხმობს სწორი კვება?
ადამიანისთვის სწორი კვება არის ის, რაც მისი ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შესაბამისია, ანუ იმ კონკრეტულ პაციენტს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის რა ეტაპები აქვს, ჩართულია თუ არა ფარისებრი, მაღალია თუ არა ინსულინი, გვაქვს თუ არა გლუკოზისადმი ტოლერანტობა, რა მდგომარეობაა ღვიძლში, თირკმელში და ა.შ. ამ ყველაფრის მიხედვით ერჩევა პაციენტს დიეტა და არ ენიშნება რაიმე გაწერილი ერთი დიეტა. ის რაც შეიძლება ერთ ადამიანს მოერგოს, მეორისთვის არ იყოს შესაბამისი და ერთმა და იმავე დიეტამ ორ ადამიანს შეიძლება სრულიად სხვადასხვა შედეგი მისცეს. შესაბამისად, მკურნალობა ყოველთვის უნდა იყოს ინდივიდუალური და იმ ერთ პაციენტზე გათვლილი და არა – ზოგადი.

 

არიან პაციენტები, რომლებიც მოდიან და ამბობენ, რომ ინტერნეტში ნანახი დიეტით, მაგალითად, 12 კილო დაიკლეს, მაგრამ რამდენიმე ხანში ორი იმდენი მოიმატეს. საკვების შეზღუდვამ მათ მისცა წონაში კლება, მაგრამ გამშვები მექანიზმი, რამაც ჭარბი წონა გამოიწვია, ხომ არსად წასულა, რადგან მისთვის არავის უმკურნალია. შესაბამისად, დადებითი შედეგის მისაღებად,  ყველაფრის კომპლექსურად და სწორად შერჩევაა საჭირო.

 

არსებობს თუ არა იმდაგვარი ჭარბი წონა, რომელიც ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან კავშირში არ არის?
არა, ასეთი ჭარბი წონა არ არსებობს. ჭარბ წონას ყოველთვის აქვს მექანიზმი, რის გამოც ის ვითარდება.

 

ანუ ჭარბი წონა ყველა შემთხვევაში საჭიროებს მკურნალობას, რიგ შემთხვევებში მედიკამენტების ჩართულობას და ზოგიერთ ადამიანს ზემოთ ნახსენები კანქვეშა ინიექციებიც კი შეიძლება მოუხდეს…

 

რა თქმა უნდა, მაგრამ საწყის ეტაპზე, როცა პაციენტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მოდის, შეიძლება მათი დანიშვნა საერთოდ უკუნაჩვენები იყოს, რადგან თვითონ ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო შეიძლება ღვიძლი და თირკმელი ისეთი დაზიანებით იყოს მოცემული და ლაბორატორიული მაჩვენებლები იმდენად შეცვლილი იყოს, რომ ექიმმა ეს პრეპარატები პირველ ეტაპზე შეიძლება, საერთოდ ვერ გამოიყენოს, ანუ პირველ ეტაპზე პრიორიტეტი იყოს ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესება, რომ შემდეგ შესაძლებელი გახდეს ამ პრეპარატების გამოყენება.

 

თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ დიაბეტთან დაკავშირებული ღვიძლის პრობლემა, რატომ არის აუცილებელი ღვიძლის ფუნქციების გათვალისწინება მკურნალობის შერჩევისას?
არსებობს ასეთი ცნება – დიაბეტური ჰეპატოპათია, რა დროსაც თვითონ დიაბეტის გამო ხდება ღვიძლის დაზიანება. თუ ჩვენ ღვიძლი უკვე დაზიანებული გვაქვს დიაბეტის გამო და დიაბეტს ვერ გავაქრობთ, რადგან პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და თუ ვირჩევთ პრეპარატს, რომლის დანიშვნაშიც უკუჩვენება გვაქვს ღვიძლის ფუნქციური სინჯების, შეიძლება, რომ ამ პრეპარატის დანიშვნით შაქრის ძალიან კარგი მაჩვენებლები მივიღოთ, მაგრამ ამ პრეპარატის გვერდითი ეფექტის გამო შეიძლება დაზიანებული ღვიძლი კიდევ უფრო დავაზიანოთ. აქ საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე, გვერდითი ეფექტების და რისკების შემცირებაზე, შესაბამისად, ამ ყველაფერს მასშტაბური ხედვა სჭირდება. დიაბეტის დროს იმდენად ხშირია ღვიძლის და თირკმლის დაზიანება, რომ ჩვენ ხშირად  საუბარს საერთოდ ინსულინოთერაპიით ვიწყებთ. შემდგომ, როცა ამ ორგანოების ფუნქციონირებას გავაუმჯობესებთ, რა თქმა უნდა, ვხსნით ინსულინს და უკვე  ტაბლეტირებულ თერაპიაზე გადავდივართ. იგივეა ამ ახალი ჯგუფის პრეპარატების დროსაც, როდესაც ღვიძლის და თირკმლის დაზიანებების ღრმა სტადიებია, პირდაპირ გეუბნებიან, რომ ეს პრეპარატები უკუნაჩვენებია. აღსანიშნავია, რომ ამ პრეპარატების შესწავლა კიდევ გრძელდება და იმედია, რომ კიდევ ბევრ ახალ, დადებით თვისებას ვიპოვით.

 

წარმოადგენს თუ არა ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა დიეტის ალტერნატივას?
არიან ადამიანები, რომლებთანაც ფიზიკური აქტივობა კვების რეჟიმს ანაცვლებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მათი ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა არ არის ისეთი ღრმა, როგორიც იმ ადამიანებთან, რომელთაც კონკრეტული კვების რეჟიმი სჭირდებათ.

 

როგორია წონის კლების იდეალური ინდექსი?
გააჩნია წონის ინდექსს და გააჩნია დარღვევის ინტენსივობას. როგორც წესი, უფრო მკვეთრ კლებას იმ ადამიანებთან ვიღებთ, რომელთაც მესამე, მეოთხე ხარისხის სიმსუქნე აქვთ, ანუ რაც მეტია წონა, მით მეტი შანსი აქვს ადამიანს, რომ მკვეთრად დაიკლოს დიდი წონა. აქ ისევ მივდივართ ჯანსაღ მდგომარეობაზე აქცენტირებისკენ, კლების ინტენსიურობა არ უნდა იყოს ისეთი, რომ მან სხვა ორგანოები დააზიანოს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ძალიან ფრთხილად და არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ეფექტი, სხვა ორგანოების დაზიანების ხარჯზე.

წყარო: https://fortuna.ge