თარიღი: 10 სექტემბერი, 2023
რა არის თმის ცვენის გამომწვევი მთავარი მიზეზი, როდის შეიძლება ჩაითვალოს, რომ თმის ცვენა უკვე საგანგაშოა, შესაძლებელია თუ არა დაცვენილი თმის აღდგენა, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თმის ცვენის სამკურნალო პროდუქტების შერჩევისას, როგორ უნდა მოვუაროთ კანს, რომ ის ჯანსაღად გამოიყურებოდეს და როგორ უნდა შევანელოთ კანის დაბერების პროცესი – ამ და სხვა საინტერესო თემებზე „თოდუას კლინიკის“ დერმატო-ვენეროლოგმა, ნათია თოდუამ ისაუბრა.
რა არის თმის ცვენის გამომწვევი მიზეზი და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
თმის ცვენა, სამედიცინო ენაზე ალოპეცია, ძალიან აქტუალური და გავრცელებული პრობლემაა როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში. ალოპეცია შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის, ნაწიბუროვანი, არანაწიბუროვანი, დიფუზური, ბუდობრივი და ზოგჯერ ტოტალურიც კი, როცა მთლიანად ხდება თმის საფარველის დაცვენა. ალოპეციას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მიზეზი, სტრესი, სეზონურობა, სხვადასხვა ქრონიკული თუ მწვავე დაავადება, მშობიარობა, ლაქტაცია, ორსულობის პერიოდი, სხვადასხვა საკვები დანამატები თუ მედიკამენტები, ენდოკრინული პათოლოგიები, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ჰემატოლოგიური ცვლილებები რკინადეფიციტური ანემიის კუთხით. ხშირად აღინიშნება ხოლმე თმის ცვენა ვირუსის ან ინფექციის შემდგომაც. დღემდე ვებრძვით პოსტკოვიდურ თმის ცვენებს. აღსანიშნავია, რომ მომართვიანობის ძალიან დიდი ტალღა იყო, როცა ეს პანდემია მძვინვარებდა. პაციენტებში თმის ცვენა დაახლოებით 2-4 თვის შემდეგ იწყებოდა.
როდის შეიძლება ჩაითვალოს, რომ თმის ცვენა უკვე საგანგაშოა?
ზოგადად, დღეში 50-დან 100 ღერამდე თმის ცვენა ნორმაა, არ არის შემაწუხებელი. პაციენტების პირველი ჩივილი არის ხოლმე ის, რომ ყველგან მათი თმაა, ყველგან მათი თმა ყრია, რაც უკვე ძალიან შემაწუხებელია. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, როცა ვამჩნევთ უეცარ, ჭარბ თმის ცვენას ან კონკრეტულ მიდამოზე გაცვენილ თმას, კონკრეტულ მოტიტვლებულ უბანს სკალპზე, ანუ ბუდობრივ ალოპეციას.
თმის ცვენის გამომწვევი ბევრი მიზეზი ჩამოთვალეთ, პირველ რიგში რაზე გაქვთ ხოლმე აქცენტი, როცა პაციენტს თმის ცვენის პრობლემა აწუხებს და რა არის ის უმთავრესი კვლევები, რომელთაც უპირველესად ნიშნავთ?
ანამნეზის შეკრება, ყველაფერი გვერდით რომ გადავდოთ, აუცილებლად ვიკვლევთ ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელ ჰორმონს (TSH), რკინას, ფერიტინს. ეს არის ის 3 ლაბორატორიული მონაცემი, რომელთაც მსგავსი პრობლემის დროს ვამოწმებთ ხოლმე. პაციენტის ვიზიტის დროს ასევე ხდება ტრიხოსკოპიის ჩატარება, ანუ ხდება თავის თმიანი საფარველის დერმატოლოგიური კვლევა, რა დროსაც ვადიდებთ სკალპის მონაცემს და უფრო ნათლად ვნახულობთ, არის თუ არა სკალპზე ან თმის ძირებში რაიმე დაზიანება. ასევე გავრცელებულია თმის მოქაჩვის ტესტი, რომლის შედეგადაც ვარკვევთ, რამდენად აქტიურ ფაზაშია თმის ცვენა. ზოგადად, თმის ზრდას 3 ფაზა აქვს, ანაგენი – ზრდის ფაზა, კატაგენი- გარდამავალი ფაზა და ტელოგენი – შესვენების ფაზა. მაგალითად, ქალბატონებს ხშირად აწუხებთ ტელოგენური ალოპეცია, ასეთია პოსტკოვიდური თმის ცვენაც და სეზონური თმის ცვენაც, რომელიც ხშირად აღენიშნებათ გაზაფხულის დასაწყისში და შემოდგომაზე. საბედნიეროდ, ასეთი თმის ცვენა შექცევადი პროცესია და დაცვენილი თმა რაღაც პერიოდის შემდეგ იზრდება.
მხოლოდ სეზონური თმის ცვენის შემთხვევაში უნდა ველოდოთ დაცვენილი თმის აღდგენას თუ დროული რეაგირების, ჩარევის და მკურნალობის შემთხვევაში, თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიების დროსაც ხდება დაცვენილი თმის აღდგენა?
ამ მხრივ ძალიან კარგი სადიაგნოსტიკო საშუალებაა ტრიხოსკოპია, რადგან რეალურად ვნახულობთ, თუ რა პოტენცია აქვს თმას, ანუ არის თუ არა თმის ძირები, რომ გაიზარდოს. ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შედეგს ვაღწევთ, თუმცა ეს შეიძლება დროში გაწელილი პროცესი იყოს და ამიტომ პაციენტებს ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ მოთმინებით და ნებისყოფით შეუდგნენ მკურნალობას. თუ არის ნაწიბუროვანი თმის ცვენა, სამწუხაროდ აღარ ხდება თმის აღდგენა, თუმცა ყველაზე ხშირად მომართვიანობა მაინც არის ხოლმე დიფუზურ თმის ცვენაზე, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, მკურნალობას ემორჩილება. არის კიდევ ერთი თმის ცვენის ტიპი, რასაც ანდროგენულ ალოპეციას ვუწოდებთ და რაც ხშირად არის გენეტიკურად განპირობებული და სამწუხაროდ, ასაკის მატებასთან ერთად ხდება გამელოტება და ეს თმა აღარ აღდგება.
საზოგადოების ნაწილი თმის ცვენისას ხშირად მიმართავს სხვადასხვა ხალხურ მეთოდებსაც და გარკვეულ ნახარშებს ურჩევენ ერთმანეთს, რამდენად აქვს შედეგი მსგავს მეთოდებს?
სიმართლე გითხრათ, არასდროს მიმიმართავს მსგავსი მეთოდებისთვის. პაციენტებისგან ზოგჯერ მესმის, რომ რაღაც ნახარშები გააკეთეს ექსპერიმენტის დონეზე სახლის პირობებში და წაისვეს, თუმცა ამის ერთმანეთისთვის რჩევა სასურველი არ არის. შეიძლება ერთის შემთხვევაში კარგად წავიდეს პროცესი და დადებითი დინამიკა იყოს მაგრამ, ყველასთან ერთნაირად ვერ იმოქმედებს და შეიძლება, პირიქით, უარესობისკენ შეცვალოს მდგომარეობა. 21-ე საუკუნეში ჩვენი გადადგმული თითოეული ნაბიჯი ეყრდნობა გაიდლაინებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, სწორი და ადეკვატური მკურნალობა შევთავაზოთ პაციენტს. მე პირადად ექსპერიმენტებს არ ვატარებ პაციენტზე, ძალიან ვეწინააღმდეგები ამ ყველაფერს და მსგავს რჩევებს არ გავცემ.
რა ითვლება ოქროს სტანდარტად თმის ცვენის სამკურნალო საშუალებებს შორის, ძირითადად რით მკურნალობთ ამ პრობლემას?
თმის ცვენის მკურნალობა ძირითადად ადგილობრივი თერაპიით ხდება. არის სხვადასხვა სტეროიდული საშუალები, რომლის მიზანიც კანის ზედაპირის გაღიზიანებაა, რომ საპასუხოდ თმა წამოვიდეს. რა თქმა უნდა, სტეროიდი ყველა შემთხვევაში არ გამოიყენება, თუმცა ადგილობრივი თერაპია წამყვანია თმის ცვენის მკურნალობაში, იქნება ის დიფუზური თუ ლოკალური. რაც შეეხება სხვადასხვა შამპუნებს, კაფსულებს, დანამატებს, შამპუნებისგან ყველა რატომღაც სასწაულს ელის ხოლმე, შამპუნი კი არის დასაბანი საშუალება და არა სასწაულმოქმედი. კი, რა თქმა უნდა, არის შამპუნების კატეგორია, რომელიც ძალიან გვეხმარება მკურნალობასთან ერთად. საკვები დანამატების, როგორიცაა თუთია, ბიოტინი, D ვიტამინი, როლი ალოპეციის მკურნალობაში ძალიან ბუნდოვანია. კომპლექსურად თუ ვუდგებით საკითხს, მაინც ვიყენებთ ხოლმე მათ თმის ცვენის დროს და ასევე მივმართავთ ინიექციურ მეთოდებსაც, როგორც დამხმარე საშუალებას. მე, ძირითადად, პრიორიტეტს პლაზმა თერაპიას, პლაზმოლიფტინგს ვანიჭებ. ამ დროს ხდება პაციენტის ვენიდან სისხლის აღება, მისი დაცენტრიფუგება და თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის სკალპზე ინიექციის გზით შეყვანა. თრომბოციტები, როცა კანის შრეში მოხვდებიან, გამოათავისუფლებენ ზრდის ჰორმონებს და ხდება თმის ფოლიკულის სტიმულირება, რომ თმა გაიზარდოს. ხდება თმის შედარებით გახშირება და გაჯანსაღება. მე ყოველთვის ვცდილობ, კომპლექსურად მივუდგეთ ამ პრობლემას, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თმის ცვენის სამკურნალო პროდუქტის, შამპუნის, კაფსულის, ლოსიონის და ა.შ. შერჩევისას?
რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი პროდუქციის წარმომავლობას, ამიტომ ყოველთვის, როცა კონკრეტულ პრეპარატს, სავაჭრო დასახელებას არ ვიყენებთ და ჯენერიკს ვუთითებთ პაციენტს, ყოველთვის ვეუბნებით მას, რომ იყოს კარგი ქვეყნის. ქვეყნის წარმოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უნდა იყოს გამოცდილი, უკვე ბევრი წელი უნდა იყოს ბაზარზე და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შემადგენლობაც. საბედნიეროდ, დღესდღეობით სააფთიაქო ქსელებში ძალიან კარგი საშუალებები გვაქვს. როცა პაციენტს ძალიან მსუბუქი თმის ცვენა აქვს, ნორმაზე ოდნავ მეტი თმა სცვივა და რეალურად პრობლემასთან არ გვაქვს საქმე, ასეთი ტიპის შამპუნები თავისივე დამხმარე ტონიკთან ან კაფსულასთან ერთად ძალიან კარგად მუშაობს და აღნიშნული კურსი 3-დან 6 თვემდე გრძელდება ხოლმე.
აღნიშნულ თმის მოვლის საშუალებებს მაშინაც აქვთ ეფექტი, როცა თმის ცვენა გამოწვეულია, მაგალითად, მძიმე ანემიით, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით, სტრესით ან სხვა მსგავსი მიზეზით?
ასეთ დროს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღმოიფხვრას მიზეზი, იქნება ეს ანემია, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა თუ სხვა. ეს პროცესი ყოველთვის მოითხოვს ან ენდოკრინოლოგის ან ჰემატოლოგის ჩართულობას და გუნდურ მუშაობას. მხოლოდ მოვლის საშუალებები ამ შემთხვევაში ცოტაა. ჩვენი მხრიდან დერმატოლოგები ვნიშნავთ მკურნალობას, რომელიც არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის არც ენდოკრინოლოგის და არც ჰემატოლოგის დანიშნულებასთან და პაციენტი იღებს იმ მაქსიმალურ თერაპიას, რაც მისთვისაა საჭირო. როგორც კი დროთა განმავლობაში ის ძირითადი მიზეზი, რისგანაც თმის ცვენა შეიძლება იყოს განპირობებული, მოგვარდება, რა თქმა უნდა, დროთა მანძილზე ეს თმაც წამოვა, ოღონდ შეგახსენებთ, რომ ამას სჭირდება დრო, მოთმინება და ნებისყოფა.
შესაძლებელია, რომ თმის ცვენა თავისით შეჩერდეს?
კი, რა თქმა უნდა, მაგალითად, სეზონური თმის ცვენა. ის არ გრძელდება ხოლმე დიდხანს და ყოველგვარი ჩარევის გარეშე, შეიძლება, რომ თავისით გაჩერდეს და დაცვენილი თმა ნელ-ნელა აღდგეს.
პლაზმოლიფტინგი უფრო ეფექტურია თუ მეზოთერაპია და რა ტიპის პაციენტებს გაუწევდით აღნიშნული პროცედურების ჩატარების რეკომენდაციას?
მეზოთერაპიის დროს ძირითადად B ჯგუფის ვიტამინების შეყვანა ხდება, რაც თმის ზრდას ასტიმულირებს. მე მაინც უფრო პლაზმოლიფტინგისკენ ვიხრები, რადგან ფიზიოლოგიურია, ბუნებრივია, შენს ბიოლოგიურ რესურსს იყენებ, თან მით უმეტეს, რომ არაჩვეულებრივი შედეგები აქვს. ძალიან მიყვარს ეს პროცედურა და ძალიან ვაფასებ. პლაზმოთერაპია ასევე გამოიყენება აკნეს შემთხვევაშიც. ეს ინიექცია მწვავე აკნეს დროსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ცუდად არ გამიგოთ, არც მეზოთერაპიაა ცუდი, უბრალოდ, თუ არჩევანის საშუალება მაქვს, ყოველთვის პლაზმოლიფტინგს ვირჩევ. მას იყენებენ სტომატოლოგიაშიც. ასეთი პროცედურების გამოყენება მაინც უფრო უკეთესია მაშინ, როცა არის დიფუზური თმის ცვენა. ბუდობრივი თმის ცვენის დროს უკვე სხვა ტიპის ინიექციები კეთდება და არა მსგავსი, რადგან ბუდობრივის დროს მათ დიდი შედეგი არ ექნებათ. ისინი შეგვიძლია მივაშველოთ, როგორც დამხმარე საშუალება.
რა ტიპის გავრცელებულ შეცდომებს ვუშვებთ ხოლმე თმის მოვლის ნაწილში და რა არის ის აუცილებელი რეკომენდაცია, რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ?
ძალიან ხშირად შამპუნის დატანება ხდება ხოლმე თმაზე და ძირითადად თმაზე ხდება ხოლმე აქცენტირება და არა სკალპზე და თმის ძირებზე, რეალურად კი, შამპუნის შეზელა პირველ რიგში თმის ძირებში, სკალპზე უნდა მოხდეს კარგად უნდა აქაფდეს და შემდეგ უკვე შეგვიძლია სიგრძეზე ჩამოვუყვეთ თმას. აუცილებელია, რომ კარგად ჩამოვიბანოთ შამპუნი და ასევე აუცილებელია, რომ ვიხმაროთ კონდიციონერი ან სხვა დამატენიანებელი ნიღაბი. კონდიციონერი და ნიღაბი არაფრით არ უნდა წავისვათ თმის ძირებში, ძალიან ფრთხილად უნდა დავიტანოთ ისინი და 10-15 წუთი გავიჩეროთ და შემდეგ ჩამოვიბანოთ, ძირითადად, ეს რეკომენდაცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ნიღბებს და კონდიციონერებს. გაზაფხულის პერიოდში თმა ხშირად არის ხოლმე გამომშრალი შესახედაობის, ამიტომ კონდიცირება მნიშვნელოვანია, რომ თმა იყოს დატენიანებული და ბზინვარე. თმის მეტად გასაჯანსაღებლად და მისთვის მეტი ბზინვარების მისანიჭებლად შეგვიძლია დაბანის შემდეგ სხვადასხვა თმის ზეთი გამოვიყენოთ. თუ თმის ბოლოები დაზიანებულია, აუცილებელია, რომ 3 თვეში ერთხელ მაინც მოხდეს განახლება და თმის ბოლოების მოჭრა.
მინდა, რომ სახის კანზეც ვისაუბროთ. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ კანი გამოიყურებოდეს ჯანსაღად, ჯანმრთელად და რომ შევანელოთ დაბერების პროცესი?
ავიღოთ კანის 2 ძირითადი ტიპი, ცხიმიანი და მშრალი. ცხიმიანი კანის შემთხვევაში გვაქვს ის პლუსი, რომ დანაოჭება შედარებით გვიან ხდება, თუმცა გრავიტაციის ძალით ნელ-ნელა უფრო ეშვება და მძიმდება კანი. მშრალი კანის შემთხვევაში ეს უკანასკნელი ნაკლებად გვემუქრება, მაგრამ ხდება წვრილ-წვრილი დანაოჭება.
სახის კანის მოვლის ძირითადი ეტაპებია, სახის კანის გაწმენდა, დატენიანება და მზისგან დამცავი საცხის გამოყენება. მშრალი ტიპის კანის შემთხვევაში სასურველია ჩავრთოთ შრატიც, რადგან როგორც სასუქი ისე მოქმედებს შრატი მშრალი ტიპის კანზე. უმნიშვნელოვანესია დატენიანება. სასურველია C ვიტამინის, მზისგან დამცავის და რეტინოლის გამოყენება, ეს ჯანსაღი დაბერების სამი კომპონენტია. დანარჩენი პროდუქტები, იქნება ეს ტონერი, შრატები თუ სხვა, ადამიანის სურვილზე და კანის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, ცხიმიან კანს ძალიან უყვარს სალიცილის შემცველი შრატები, რადგან სალიცილის მჟავას ანტიბაქტერიული მოქმედება აქვს, ძალიან კარგად გადის ცხიმოვან ბარიერს და კარგად შედის კანის შრეში. ყველა ტიპის კანს თავისი მახასიათებელი აქვს. კომბინირებული კანის შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა შევარჩიოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც მოერევა ასეთი შერეული, შერწყმული ტიპის კანის ზედაპირს. ცხიმიანი კანი თუ აკნესკენ ან გამონაყარისკენ არის მიდრეკილი, მსუყე დამატენიანებლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ცხიმზე ცხიმის დამატება აფეთქებს მდგომარეობას. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიხმაროთ კარგი ბრენდის, კარგი ქვეყნის მიერ გამოშვებული ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი. ახლა უკვე გვაქვს იმის ფუფუნება და კონკრეტულად აკნეს მქონე პაციენტებისთვის არის შექმნილი სხვადასხვა პროდუქცია და უმჯობესია, რომ ამ ხაზის პროდუქცია გამოვიყენოთ, რომ ზედმეტად არ გავაღიზიანოთ კანი და ზედმეტი მოვლით პირიქით არ გავაუარესოთ მდგომარეობა. მე ყოველთვის მაინც ელემენტარული ძალიან მარტივი საფეხურების მომხრე ვარ.
აღსანიშნავია, რომ წლის ნებისმიერ დროს ჩვენი დღის რუტინა მზისგან დამცავი საცხით უნდა სრულდებოდეს. სხვადასხვა პრობლემის შემთხვევაში სხვადასხვაა მიდგომაც, მაგალითად, ასაკში ინიექციურ პროცედურებსაც მივმართავთ, რომ უფრო კარგად მოხდეს დატენიანება, რადგან კრემს ყოველთვის არ შეუძლია ისე დაატენიანოს სახის კანი, როგორც სხვადასხვა ინიექციებს. მართალია, დღეს ქალბატონები ძალიან გათვითცნობიერებულები არიან ამ საკითხში, მაგრამ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიონალის აზრი.
წყარო: https://fortuna.ge