Plasmon
უსაფრთხო გარუჯვის ცნება დერმატოლოგიაში არ არსებობს, გარუჯვა უკვე კანის დაზიანებაა

თარიღი: 18 აგვისტო, 2021

უსაფრთხო გარუჯვის ცნება დერმატოლოგიაში არ არსებობს, გარუჯვა უკვე კანის დაზიანებაა - ზაზა თელია ზაფხულის ყველაზე აქტუალურ თემაზე.

 

როგორ ვუშველოთ ზაფხულის პერიოდში რუჯისგან დამწვარ კანს, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს და რა საშიშროებას უქმნის ხალები რუჯს და ზოგადად, როგორი ხალებია საშიში. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომლებსაც კანზე აქვთ რუჯი, როგორ უნდა დავიცვათ ოქროს შუალედი ბავშვის კანის დამწვრობასა და რუჯს შორის. ამ თემებზე  „მტკიცებითი მედიცინის ცენტრის“ დამფუძნებელმა, დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა.

 

რაოდენ ცუდადაც არ უნდა ჟღერდეს, უსაფრთხო გარუჯვის ცნება დერმატოლოგიაში არ არსებობს, გარუჯვა უკვე კანის დაზიანებაა. როდესაც ჩვენ ვიღებთ რუჯს, კანი გამოიმუშავებს მელანინს, მას კანი გამოიმუშავებს დასაცავად. ის რთავს ერთგვარ დამცავ მექანიზმს. რაც შეეხება ბავშვებს, ეს ნამდვილად აქტუალურია და დერმატოლოგიური ასოციაციები აქტიურად, ძალიან საგანგაშოდ მოუწოდებენ და რეკომენდაციებს გასცემენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ბავშვთა დაცვა მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან. უკვე კარგა ხანია თანხმდება დერმატოლოგიური საზოგადოება, რომ მზისგან მიღებული ზიანი ერთ-ერთი სერიოზული ზიანია, რომელმაც ადამიანს შეიძლება ცხოვრების რომელიმე ეტაპზე პრობლემა შეუქმნას. ბავშვობის ასაკში ერთხელ მაინც მიღებული დამწვრობა აორმაგებს კანის კიბოს რისკს. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მშობლებს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვების დაცვა და აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ მზის დამცავის გამოყენება, რადგან ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მწვანე შუქი გვაქვს ანთებული იმისათვის, რომ გავირუჯოთ. ჩვენ პიკურ ნაწილში 11 საათიდან 4 საათამდე მზეს უნდა მოვერიდოთ, ასევე აუცილებელია, რომ ბავშვს ეცვას ისეთი საცურაო კოსტიუმი, რომელიც სხეულის დიდ ნაწილს დაფარავს. გამოვიყენოთ ქუდი, რომელიც თავს და კისერს ფარავს და ასევე გამოვიყენოთ მზის სათვალე, რადგან ულტრაიისფერი სხივები აზიანებს თვალებსაც.

 

ეს რეკომენდაციები თანაბრად ვრცელდება ღია და მუქი ფერის კანის მქონე ადამიანებზე?
ძალიან კარგი შეკითხვაა, ამერიკის დერმატოლოგიურმა ასოციაციამ მოუწოდა შავკანიან ადამიანებს, რომ მათაც მკაცრად დაიცვან რეკომენდაციები. აღმოჩნდა, რომ ჩვენზე ორი ტიპის, A და B ტიპის ულტრაიისფერი სხივები მოქმედებენ, B სხივია პასუხისმგებელი დამწვრობაზე, სწორედ მას ფილტრავს ღრუბელი, თუმცა, კიდევ არის საშიში A სხივი, რომელსაც ღრუბელი ვერ ფილტრავს, სწორედ ეს სხივია პასუხისმგებელი კანის კიბოს განვითარების რისკებზე. ის ასევე აღწევს კანქვეშა ქსოვილებამდე და აზიანებს შინაგან ორგანოებსაც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველამ უნდა გამოვიყენოთ მზის, ფართო სპექტრის დამცავი საშუალებები.

 

აღსანიშნავია, რომ თეთრი კანის მქონე ადამიანები მეტად გრძნობენ ქავილს, კანის დაჭიმულობას, აქვთ სიწითლე, მუქი კანის მქონენი კი ისე ირუჯებიან, რომ ვერაფერს გრძნობენ..

 

თუ დეტალურად ვიტყვით, არსებობს 4 დან 6 ტიპამდე კანი, 1 ტიპი ყოველთვის იწვება, არასდროს ირუჯება, მეორე ყოველთვის იწვება, მაგრამ ზოგჯერ ირუჯება, მესამე ტიპი ყოველთვის ირუჯება, მაგრამ ზოგჯერ იწვება, მეოთხე ტიპი კი ყოველთვის ირუჯება და არასდროს იწვება. აქედან გამომდინარე, 1 და 2 ტიპის კანის მქონე ადამიანებს აქვთ უფრო დიდი რისკი კანის კიბოს განვითარების და დამწვრობის, შესაბამისად ასეთმა ადამიანებმა უნდა გამოიყენონ მაღალი „ეს პი ეფი“ 50-იანი ან მეტი დამცავი. სწორედ „ეს პი ეფი“ განაპირობებს B სხივებისგან დაცვას. ეს რეკომენდაციები არ უნდა იქნას დაცული მხოლოდ კურორტზე ყოფნისას, არამედ ქალაქში ყოფნისასაც.

 

რა ხდება მაშინ, როდესაც ეს რეკომენდაციები ვერ დავიცავით და მივიღეთ დამწვრობა, რა არის პირველი დახმარება და მდგომარეობის გაუარესების პრევენციული ღონისძიებები?
ასეთ შემთხვევაში პაციენტმა საკუთარი კანის მდგომარეობა თავად უნდა შეაფასოს, ყურადღებით უნდა დააკვირდეს ყველა ახალ წარმონაქმნს კანზე და ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს დერმატოლოგს. რაც შეეხება დამწვრობას, რეკომენდაცია მარტივია, უნდა მოხდეს კანის გაგრილება, ცივი საფენები და უნდა გამოიყენონ მედიკამენტი, რომელიც „ვერცხლის სულფა დიაზინს“ შეიცავს. ეს არის ის ნივთიერება, რომელიც დამწვრობაზე დადებითად მოქმედებს. 

 

ძალიან ბევრი ამბობს, რომ რუჯის მიღების შემდეგ გაუქრათ კანზე აკნე, გამონაყარი, ეს მითია, თუ რეალურად დადებითად მოქმედებს მზე ამაზე?
რა თქმა უნდა, დერმატოლოგიაში არსებობს დაავადებები, რომლებზეც მზე არათუ ეფექტურია, არამედ ულტრაიისფერი სხივები ინიშნება კიდეც, აი მაგალითად ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა „ფსორიაზი“, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ასეთმა ადამიანმა მზეზე დამწვრობის მიღებამდე დაყოს. თუმცა თქვენ მიერ აღნიშნულ პრობლემაზე, აკნეზე  ნამდვილად არ გამოიყენება ეს მეთოდი. შეიძლება პირიქით, ნეგატიურადაც იმოქმედოს. რუჯი უბრალოდ ნიღბავს მას, ამ დროს კანი სქელდება და გამონაყარი იფარება. იმასაც ამბობენ, რომ ულტრაიისფერი სხივები აუცილებელია კანისთვის, D ვიტამინის გამოყოფისთვის, მითია რომ D ვიტამინის მისაღებად მზეს უნდა მივეფიცხოთ. იმისათვის, რომ ჩვენ ადეკვატური D ვიტამინი მივიღოთ, საკმარისია მზეს 5-10 წუთით კანის პატარა უბნით მივეფიცხოთ. რაღაც ბუმია ამ D ვიტამინთან დაკავშირებით, დანამატის სახით, საკვებ რაციონში, ყველაფერს მის ნაკლებობას აბრალებენ, თმის ცვენიდან დაწყებული, სისუსტით დამთავრებული, თუმცა ამის სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.

 

რა ხდება სოლარიუმის შემთხვევაში, ისეთივეა თუ არა რისკები?
სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები, 10-ჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში მიღებულ ულტრაიისფერ სხივებს. სოლარიუმში ცხოვრებაში ერთხელ ყოფნაც კი ზრდის კანის კიბოს რისკებს.

 

თქვენ ახსენეთ სპეციალური სოლარიუმის აპარატი, რომელიც მაგალითად „ფსორიაზის“ დროს გამოიყენება, მოდის თუ არა ამ აპარატებიდან იგივე საფრთხე და გასარუჯად თუ შეიძლება მათი გამოყენება?
არა, რა თქმა უნდა, ეს აპარატები მხოლოდ სამკურნალოდაა, ეს არის ულტრაიისფერი B 311 ნანომეტრიანი, ვიწრო ტალღოვანი ულტრაიისფერი სხივები. განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად დიდი ბრიტანეთში სოლარიუმი საერთოდ აკრძალულია, ისევე როგორც აშშ-ში.

 

რა ტიპის ხალებია, რომლებიც საშიში კატეგორიის ხალებში შეგვიძლია გავიყვანოთ?
როდესაც ჩვენ „მელანომაზე“ ვსაუბრობთ,  მხოლოდ 10% -ია გადაგვარებული ხალებიდან განვითარებული. აქედან „დისპლაზიური ნევუსები“ გვხდება. „დისპლაზიური ნევუსები“, როგორც წესი არის თანდაყოლილი, მას სპეციფიკური შესახედაობა აქვს, ის არის დიდი ზომის, შუაში არის უფრო ღია ფერის, გარშემო მას აქვს მოყავისფრო გარსი. სწორედ ასეთ ხალებს აქვთ მელანომაში გადაზრდის რისკი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრი ასეთი ნევუსი აქვთ, ან მზესთან ურთიერთობის შემდეგ უჩნდებათ, ასეთი ადამიანები მზეს უნდა მოერიდონ და ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით გაითვალისწინონ. აუცილებელია მათ თვითშეფასება მოახდინონ წელიწადში ერთხელ მაინც. თუკი ჩვენ შევამჩნიეთ რომ „ნევუსი“ გახდა ასიმეტრიული, შეიცვალა ზომა, ფერი, გაიკეთა ქერქი, უნდა მივმართოთ დერმატოლოგს. ე.წ ჭორფლი ნევუსებად არ ითვლება, მას ასევე მზის დაზიანებასაც უწოდებენ, ის არ არის საშიში, თუმცა ის არ უნდა უგულვებელვყოთ. არც წითელი ხალებია „ნევუსები“, მათ ასეთი ლამაზი სახელწოდება აქვთ, -„ჩერიანჯიომა“, ის სისხლძარღვოვანი, კეთილთვისებიანი წარმონაქმნია.  ყველაზე მეტად უნდა მოხდეს დაკვირვება ახლად წარმოქმნილ „ნევუსებზე“. თანდაყოლილ ხალებს ძირითადად არ ახასიათებთ გადაგვარება.

წყარო: https://fortuna.ge