Plasmon
რატომ უნდა მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას ადრეული ასაკიდანვე?

რა მოხდება თუ ბავშვს თავისუფლებას შევუზღუდავთ? რა ასაკიდან უნდა მივცეთ ბავშვს საშუალება იყოს დამოუკიდებელი? ამ თემაზე გვესაუბრება პიროვნული განვითარების ცენტრ "კარპე დიემის" ფსიქოლოგი ნინო მჟავანაძე

რას გულისხმობს ბავშვის დამოუკიდებლობა?

დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ცნების სწორად განსაზღვრა. პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს შეუზღუდავ თავისუფლებას, ის გულისხმობს ადამიანის მიერ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებას და მასზე პასუხისმგებლობის აღებას. 
დამოუკიდებლობა, როგორც უნარი, შეგვიძლია განვიხილოთ ორ ჭრილში: ბავშვს აქვს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები: თვითმოვლა, გადაადგილება, დასუფთავება, კვება,ფულის გამოყენება და ა.შ. და ასევე, დამოუკიდებლობაში იგულისხმება ისეთი უნარების განვითარება, როგორიც არის: პრობლემის გადაწყვეტა, ემოციების მართვა, დროის მენეჯმენტი და ა.შ.

რა ასაკიდან შეიძლება მივცეთ ბავშვს საშუალება, იყოს დამოუკიდებელი?

ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, განვითარების ყველა ეტაპზე ბავშვს ჰქონდეს გარკვეული სახის დამოუკიდებლობა. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ ადრეული ასაკიდან ბავშვები თავად იჩენენ ინიციატივას დამოუკიდებლად განახორციელონ სხვადასხვა ქცევა. თუ გავიხსენებთ 2 წლამდე ასაკის პერიოდს, ამ დროს ბავშვი ხშირად იყენებს სიტყვას „მე“ ,„მე თვითონ“ და უარს ამბობს დახმარებაზე. ამ ქცევით თითქოს ის ერთი მხრივ, საზღვარს ავლებს მასსა და სხვა ადამიანს შორის და მეორე მხრივ, ცდილობს აღმოაჩინოს საკუთარი ძალები და შესაძლებლობები. უფროსების მხრიდან მოცემული ინიციატივების ხელშეწყობამ შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს შემდგომში ბავშვის პიროვნული მახასიათებლების ჩამოყალიბებაზე. სასურველია ბავშვი დაბალი ასაკიდანვე მივაჩვიოთ გადაწყვეტილების მიღებას, ამისათვის შეგვიძლია შევთავაზოთ მას სხვადასხვა სახის არჩევანი. მაგალითად: რომელი ტანისამოსის ჩაცმა ურჩევნია, რომელი ფერი მოსწონს მეტად, სასეირნოდ ურჩევნია წასვლა თუ კინოში და ასე შემდეგ. უფროსისთვის სასურველი ორი ალტერნატივიდან ბავშვის მიერ ერთის არჩევა, ბავშვს მეტად დააფიქრებს საკუთარ ინტერესებზე და ასევე გაუჩენს განცდას, რომ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება, რაზეც თავად არის პასუხისმგებელი.

რა როლი ეკისრება მშობელს ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებაში?

ყველა მშობლის განზრახვას და მიზანს წარმოადგენს საკუთარი შვილების კეთილდღეობაზე ზრუნვა. მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ამ მიზნის მიღწევის პროცესში ბავშვის პირადი სივრცის საზღვრები დაირღვეს. მართალია, მცირე ასაკში მოტორული განვითარების გამო, კვების უნარი არ არის ისეთი დახვეწილი, როგორც მოგვიანებით, მაგრამ სამაგიეროდ მშობლის მხრიდან ამ ქცევის წახალისება, ბავშვს აღმოაჩენინებს, რომ მას უფროსის დახმარების გარეშე უკვე შეუძლია სხვადასხვა ქცევის განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ასაკში რაიმეს კეთების მოტივაცია ბავშვებში ძალიან მაღალია, მაგალითად: სიარულის სწავლისას, მიუხედავად ხშირი დავარდნისას მიღებული წარუმატებლობისა, ბავშვი მაინც დგება და აგრძელებს სიარულს. უფროსები უნდა ვეცადოთ, სწორედ ეს მოტივაცია შევანარჩუნებინოთ სხვადასხვა ქცევასთან მიმართებაში და არ დავუწესოთ შეზღუდვები. 
საქართველოში ხშირია, სქესის სტერეოტიპული შეზღუდვა, როდესაც მამრობითი სქესის ბავშვი ინტერესდება ცოცხით ან ჭურჭლით, ამ დროს ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიც არის: „ეს ბიჭის საქმე არ არის“, „გოგო ხომ არ ხარ“ და ასე შემდეგ. ეს იწვევს ბავშვში დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარების დაბლოკვას.

რა მოხდება, თუ ბავშვს არ მივცემთ საშუალებას დამოუკიდებლად განახორციელოს სხვადასხვა ქმედება

მოზარდის მაგივრად სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლოა ერთი მხრივ გარკვეული კომფორტი შეუქმნას ბავშვს და მეორე მხრივ შესაძლოა შეაფერხოს იმ უნარების განვითარება, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელია. უფროსები სულ შვილების გვერდით, სამწუხაროდ, ვერ ვიქნებით და საჭიროა მათი მომზადება ამისთვის. მუდმივმა ჰიპერმზრუნველობამ მშობლის მხრიდან შესაძლოა მიგვიყვანოს ისეთ შედეგებამდე, როგორიც არის: 
•    განცდა, რომ ნებისმიერი ქმედებისთვის მჭირდება დახმარება და არ მაქვს საკმარისი უნარი თავად შევძლო იგივე. ასევე ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს თვითრწმენის, თვითცნობიერების და თვითშეფასების ნაკლებობა.
•    ჰიპერმზრუნველობისას ბავშვში იკლებს მოტივაცია და უხეშად რომ ვთქვათ, ეს იწვევს მდგომარეობას, რასაც სიზარმაცეს ვეძახით. ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მის მაგივრად ყველაფერს ყოველთვის სხვა გააკეთებს.

 
როგორ უნდა შეძლოს მშობელმა, მხარი დაუჭიროს ბავშვის დამოუკიდებლობას?

სანამ ბავშვი დამოუკიდებლად მისაღები გადაწყვეტილების წინაშე მარტო აღმოჩნდება, მნიშვნელოვანია მას მანამდეც მივცეთ საშუალება გადადგას დამოუკიდებელი ნაბიჯები. ამ პროცესში ბავშვს უნდა მივცეთ საშუალება გამოხატოს საკუთარი თავი და შეფასების გარეშე გავუზიაროთ ჩვენი დამოკიდებულებები მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ვაგრძნობინოთ მხარდაჭერა და თანადგომა, მასთან ერთად გავიზიაროთ ბედნიერი წუთები და შეცდომების დაშვებისას კი თანავუგრძნოთ. უფროსის მიერ ბავშვისთვის ნათქვამი ფრაზები: „ხომ გეუბნებოდი“, „ვიცოდი, რომ ცუდად დამთავრდებოდა“ „სულ ისე იქცევი, როგორც შენ გინდა“ და ასე შემდეგ, არასდროს გვაქცევს ბავშვების მეგობრად და ისეთ ადამიანად, რომელსაც დასახმარებლად და რჩევისათვის მიმართავენ.

 

რა უნარები შეიძლება განუვითაროს ბავშვს დამოუკიდებლობის ხელშეწყობამ?

დამოუკიდებლობის მიცემა მხოლოდ ყოფითი ცხოვრებისეული უნარების ათვისებას არ გულისხმობს. ბავშვმა უნდა ისწავლოს პრობლემების გადაწყვეტა, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დამოუკიდებლობის უნარი არის საფუძველი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანად ჩამოყალიბებისა. ადამიანის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს შესაბამისი შედეგი მოჰყვება და ამ შედეგების მიხედვით წარიმართება შემდეგ ჩვენი ცხოვრება. თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს პასუხისმგებლობის განცდა ჩამოუყალიბდეთ და მომავალში საკუთარ ცხოვრებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, აუცილებელია მივცეთ საშუალება, გაგვიზიარონ საკუთარი სურვილები და მიიღონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებები.
საინტერესოა, რომ „ცხოვრების უნარები“ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მიერ WHO (1999) განისაზღვრა, როგორც პოზიტიური და ადაპტური ქცევის განხორციელებისათვის საჭირო უნარები, რომლებიც ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას ეფექტურად გაუმკლავდეს ყოველდღიური ცხოვრების მოთხოვნებსა და სირთულეებს. მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულია „ცხოვრების უნარების“ ძირითადი ჩამონათვალი, რომელიც მოზარდის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და განვითარებისთვისაა აუცილებელი: 

• გადაწყვეტილების მიღება;
•კრეატიული აზროვნება;
•ეფექტური კომუნიკაცია;
•თვითცნობიერება;
•ემოციების მართვა/გამკლავება;
•პრობლემის გადაჭრა;
•კრიტიკული აზროვნება;
• ინტერპერსონალური ურთიერთობების უნარები;
• ემპათია; 
•სტრესთან გამკლავება;

აღსანიშნავია, რომ ეს კომპეტენციები უფრო მეტია, ვიდრე ცოდნა და უნარი. ის მოიცავს შესაძლებლობას, რომ ინდივიდმა დაძლიოს გარემოდან წამოსული ყველანაირი მოთხოვნები და მოახდინოს ფსიქოსოციალური რესურსების მობილიზება სიტუაციის გათვალისწინებით.
დამოუკიდებლობის უნარი ასევე ეხმარება ბავშვს გაუმკლავდეს იმედგაცრუებას და შეცდომები მიიღოს, როგორც გამოცდილება და სწავლის გზა. 

რამდენად სასურველია, ყველა გარემოში მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლობა? 

დღესდღეობით ჩვენს საზოგადოებაში არსებული რეალობა საკმაოდ დაუცველად გამოიყურება. მშობლებისათვის, ბუნებრივია, რთულია, ყველა გარემოში ერთნაირად მიანიჭონ ბავშვს დამოუკიდებლობა, მაგრამ აუცილებელია ყოველთვის მოხდეს იმ მიზეზების ახსნა, თუ რატომ შეიძლება დავუწესოთ ბავშვს რაიმე სახის შეზღუდვა. 
უფროსებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის სასიამოვნო გარემოში ყოფნა ამარტივებს ახალი ინფორმაციის ათვისებას და საჭირო უნარებისა განვითარებას.