თარიღი: 09 ივნისი, 2020
მომატებული არტერიული წნევა და მისი მართვა სამედიცინო საზოგადობისთვის საკმაოდ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოსახლეობის მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა იცის დაავადების არსებობის შესახებ ან მას სერიოზულ პრობლემად არ აღიქვამს, რაც საბოლოოდ მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
ამ თემაზე დეტალურად ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, კლინიკა „ჰელსიკორის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ქობალავა გევსაუბრება.
ზოგადად, რა დაავადებაა ჰიპერტენზია და როგორია სტატისტიკა როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში მისი გავრცელების თვალსაზრისით?
მომატებული არტერიული წნევა წამყვანი მიზეზია სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ისეთი მდგომარეობებისა, როგორიცაა: მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, აორტის ანევრიზმა, გულის უკმარისობა და ა.შ. ერთი ტიპიური შეკითხვაზეც გავამახვილებდი ყურადღებას, საიდან მოდის წნევა, რა არის მიზეზი? საქმე იმაშია რომ, შემთხვევათა 92-95%-ში წნევა არსაიდან არ მოდის, არის დამოუკიდებელი დაავადება (ე.წ. ესენციური ჰიპერტენზია) და აზიანებს სხვა სასიცოცხლო ორგანოებს, კერძოდ - გულს, ტვინს, თირკმელს და თვალს; დანარჩენი 5-8 % მოდის მეორად ჰიპერტენზიაზე, ანუ სხვა ორგანოს დაზიანებით გამოწვეული წნევის ციფრების მატება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ჰიპერტენზია ზრდასრული მოსახლეობის 41%-ს აღენიშნება, დაავადების გამოვლენა 46% შეადგენს. პაციენტების დაახლოებით 40% იტარებს მკურნალობას და მხოლოდ 13%-ში მიიღწევა წნევის ციფრების სათანადო შემცირება. დაახლოებით იგივე მაჩვენებელია საქართველოშიც.
რა სიმპტომებით ვლიდნება ჰიპერტენზია და წნევის რა მაჩვენებელია საყურადღებო?
ჰიპერტენზია ვლინდება ისეთი მრავალმხვრივი სიმპტომებით, როგორიცაა: თავის ტკივილი, კეფის მიდამოში სიმძიმე, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე, გულის რევის შეგრძნება და ა.შ.. რიგ შემთხვევებში პაციენტი შეიძლება საერთოდ ვერ გრძნობდეს წნევას.
გავრცელებული ფრაზა, „ასეთი წნევა მე არ მაწუხებს“ ან „ჩემთვის 170/100 -ზე ნორმაა და სამუშაო წნევაა“ აბსურდული და უაღრესად საშიშია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც რომ, იმ პაციენტებშიც, რომლებიც იტარებენ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას, სასურველი შედეგი მხოლოდ 13%-ში მიიღწევა, რაც ზრდის კარდიოვასკულური გართულებების და შესაბამისად, სიკვდილობის მაჩვენებელს. ამ გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია შესაბამისი მკურნალობით და არტერიული წნევის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევით. თუმცა იმ შემთხვევაში თუ სამიზნე მაჩვენებელს ვერ ვაღწევთ, წნევის ციფრების გარკვეული დაწევაც კი სასიკეთოა. კერძოდ, დადგენილია, რომ ზედა, ანუ სისტოლური წნევის 10 ერთეულით დაქვეითება და ქვედა, ანუ დიასტოლური წნევის, რომელსაც რატომღაც შეცდომით გულის წნევას ეძახიან 5 ერთეულით დაქვეითება იძლევა ინსულტის 35%, მწვავე კორონარული სინდრომის (მიოკარდიუმის ინფარქტი და არასტაბილური სტენოკარდია ) 20% და საერთო სიკვდილობის 13% შემცირებას. გაცილებით შთამბეჭდავი ხდება აღნიშნული ციფრები, თუ წნევის ციფრებს დავწევთ სამიზნე მაჩვენებლებამდე, კერძოდ, 65 წელს ქვემოთ არტერიული წნვა ნაკლები უნდა იყოს 130/80 მმ.ვწყ.სვ-ზე, ხოლო 65 წელს ზემოთ 140/80 მმ.ვწყ.სვ-ზე;
როგორ ფიქრობთ, რატომ არის ჰიპერტენზიის მკურნალობა კვლავაც გადაუჭრელი პრობლემა?
ამ მდგომარეობას საფუძვლად ორი მიზეზი უდევს. პირველი ეს გახლავთ დაავადების არასაკმარისი დიაგნოსტიკა. რადგან ხშირად პაციენტებმა არ იციან დაავადების არსებობის შესახებ და სანამ ეს პრობლემა არსებობს ჩვენ უძლურები ვართ ამ დაავადების წინაშე. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ მკურნალობაზე პაციენტის არასათანადო დამყოლობა. სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში ჰიპერტენზიული მოსახლეობის მესამედი ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტს იღებს არა ყოველდღიურად, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც მაღალი აქვს წნევის ციფრები ან როდესაც გაახსენდება. ასევე საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტი თვითნებურად წყვეტს მკურნალობას. ზოგჯერ პაციენტი ექიმის დანიშნულებაზე მეტად ითვალისწინებს მეზობლის ან ოჯახის წევრის რჩევას და ცვლის მედიკამენტს. ასეთი დამოკიდებულება კი ართულებს დაავადების კონტროლს და საფრთხეს უქმნის პაციენტების სიცოცხლეს.
რამდენად მოგვარებადია ეს პრობლემა და ვის ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა, პაციენტს თუ მკურნალ ექიმს?
დღესდღეობით ეს პრობლემა მრავალი ქვეყნის სამედიცინო საზოგადოების ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა. თუმცა, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მოგვარებადია გარკვეული ძალისხმევის შედეგად.
ჰიპერტენზიის მკურნალობა და მისი ეფექტურობა წარმოადგენს როგორც პაციენტის, ისე ექიმის პასუხისმგებლობას. პირველ რიგში, აუცილებელია გაიზარდოს დაავადების ცნობადობა, მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჰიპერტენზიის და მისი გართულებების შესახებ.
არანაკლებ დიდია უშუალოდ მოსახლეობის როლი. იმისათვის რომ დროულად მოხდეს მკურნალობის დაწყება და თავიდან ავიცილოთ ჰიპერტენზიის გართულებები, მნიშვნელოვანია სახლის პირობებში წნევის გაზომვა, მომატებული წნევის შემთხვევაში კი, ექიმთან რეგულარული კონსულტაცია და რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება.
რაც შეეხება ექიმის პასუხისმგებლობას, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ჰიპერტენზია მულტიფაქტორული დაავადება და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. დღესდღეობით, უახლესი საერთაშორისო რეკომენდაციები მოგვიწოდებენ ფიქსირებული ანტიჰიპერტენზიული კომბინაციების გამოყენებას. ამას რამდენიმე მიზეზი უდევს საფუძვლად: ხდება სხვადასხვა პათოგენეზურ რგოლზე მოქმედება, შედეგად უფრო სწრაფად და ეფექტურად ხდება არტერიული წნევის სამიზნე ციფრების მიღწევა. ამასთან გათვალისწინებულია ადამიანური ფაქტორი, პაციენტისთვის დღეში ერთი აბის მიღება ბევრად მარტივია, ვიდრე რამდენიმე მედიკამენტის. ხარისხიანი, ეფექტური და გამარტივებული მედიკამენტური მკურნალობა, მნიშვნელოვნად ზრდის პაციენტების დამყოლობას და წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
როგორია წნევის გაზომვის სწორი წესები?
წნევის გაზომვამდე პაციენტი უნდა იჯდეს მოსვენებულ მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში, უახლოესი 30 წუთის მანძილზე არ ჰქონდეს მიღებული ყავა, ჩაი, ან ალკოჰოლი, მოწეული თამბაქო; ერთჯერადად გაზომვა არ არის საკმარისი, მისი გაზომვა უნდა მოხდეს 2- 3 ჯერ, მინიმუმ 3 წუთიანი ინტერვალებით. 2 გაზომვის შემთხვევაში მართებულად მიიჩნევა ნაკლები მაჩვენებელი, სამჯერ გაზმოვის შემთხვევაში საშუალო არითმეტიკული; საწყის ეტაპზე წნევა უნდა გაიზომოს ორივე ხელზე და უპირატესობა ენიჭება იმ ხელს, სადაც უფრო მაღალია მაჩვენებელი; 70-80%-ში ეს არის მარჯვენა ხელი. ასე რომ საბჭოეთის დროინდელი მითი „გულის მხარეს“ წნევის გაზომვის შესახებ დავიწყებას უნდა მიეცეს.
რას ურჩევთ იმ ადამიანებს, ვისაც მომატებული არტერიული წნევა აწუხებს?
პირველ რიგში, დაიცვან ცხოვრების ჯანსაღი წესი. ეს კი მოიცავს შემდეგ რეკომენდაციებს: მარილის დაბალი შემცველობა საკვებში,რეგულარული ფიზიკური აქტივობა, წონის კლება, ალკოჰოლის, კოფეინის, მინერალური წყლის შეზუდვა და ა.შ. არტერიული წნევის მომატების შემთხვევაში მიმართონ ექიმს, შეასრულონ რეკომენდაციები და რაც მთავარია, არ შეწყვიტონ ან შეცვალონ თვითნებურად მედიკამენტის მიღება. ვინაიდან ჰიპერტენზია ქრონიკული დაავადებაა და საჭიროებს მუდმივ კონტროლს, რათა თავიდან ავიცილოთ სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.