თარიღი: 22 აპრილი, 2021
წარსულში ექიმების აზრით, ჭიპი წარმოადგენდა ადამიანის სასიცოცხლო ძალების თავმოყრის ადგილს. დავივიწყოთ ანტიკური ექიმების მოსაზრებები და დავფიქრდეთ - რა იწვევს ტკივილს ამ არეში? მოდით გავიგოთ, რატომ გვტკივა მუცელი ჭიპის არეში და რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში.
ტკივილის სინდრომის დახასიათება
ჭიპის არეში ტკივილის შემთხვევაში პირველ რიგში ყური დაუგდეთ ტკივილს და შეეცადეთ მისი აღწერა. ეს დაგეხმარებათ განსაზღვროთ მისი გამოვლენის მიზეზი.
როგორია ტკივილის გამოხატულება და მისი ხასიათი — მწვავე, ყრუ, მჩხვლეტავი? სად არის ის ლოკალიზებული: ჭიპთან, ჭიპის ახლოს ან მის გარშემო? არის თუ არა ტკივილის გამომწვევი რაიმე ფაქტორი: საკვების მიღება, სხეულის გარკვეული პოზა ან სხვა?
და ბოლოს, არის თუ არა სხვა სიმპტომები, რომლებიც ახლავს ამ ტკივილს - ღებინება და გულისრევა, დიარეა ან შეკრულობა, სისუსტე და თავბრუსხვევა, ოფლიანობა და ფერმკრთალობა?
ყველა ამ კითხვაზე პასუხები დაეხმარება სპეციალისტს ზუსტი დიაგნოზის დასმაში და სწორი მკურნალობის დანიშვნაში.
რატომ გვტკივა მუცელი ჭიპის არეში?
როგორც წესი, ტკივილის სინდრომი ჭიპის არეში ვლინდება წვრილი ნაწლავის, ბრმა ნაწლავის სხვადასხვა დაავადებების და აპენდიციტის დროს. განვიხილოთ ყველაზე ხშირი მდგომარეობები, რომლებიც იწვევს ტკივილს ჭიპის არეში.
ნაწლავური კოლიკა
მას იწვევს წვრილი ნაწლავის სპაზმი. ტკივილი შეიძლება მოიცავდეს ჭიპის გარშემო არეს, ლოკალიზებული იყოს ჭიპიდან ზემოთ ან ქვემოთ. ნაწლავური კოლიკის ტიპიური ნიშანია ტკივილის შემცირება დეფეკაციების და აირების გასვლის შემდეგ. კოლიკის კიდევ ერთი სიმპტომია - დეფეკაციის ცვლილება, კერძოდ, შეკრულობა, დიარეა ან მათი შეთავსება.1 ნაწლავური კოლიკა შეიძლება იყოს ფუნქციური მდგომარეობების სიმპტომი, რაც არ არის დაკავშირებული ორგანოების დაზიანებასთან, მაგალითან გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ან ფუნქციური დისპეფსიის სიმპტომი.3
მწვავე მუცელი
სიმპტომების კომპლექსი, რომლებიც ვლინდება მუცლის ღრუს ორგანოების სერიოზული პრობლემების დროს: მწვავე აპენდიციტი, ნაწლავური გაუვალობა, ჭიპის თიაქრის ჩაჭედვა, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის პერფორაცია, მწვავე პერიტონიტი და სხვა პათოლოგიები.4 ამ დროს, ტკივილი, როგორც წესი, არის გამოხატული, მწვავე, მზარდი და ძლიერდება სუნთქვის დროს. მისი ლოკალიზაცია შეესაბამება მუცლის ღრუს ანთებით უბანს.
მწვავე მუცლის დროს ტკივილის სინდრომს თან ახლავს ციებ-ცხელება, მუცლის წინა კედლის კუნთების დაჭიმულობა, ნაწლავის მოტორიკის დარღვევა. იცვლება სისხლის სურათი (იზრდება ლეიკოციტების დონე და ა.შ.).1,4 მწვავე მუცლის დროს ტკივილის სინდრომის გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო კონსულტაცია ექიმთან, უმრავლეს შემთხვევაში ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია.
წვრილი ნაწლავის ანთება (ენტერიტი)
ვლინდება ნაწლავური ინფექციის დროს. ტკივილი ვლინდება მუცლის შუაში და თან ახლავს მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ენტერიტის ნიშნები aეიძლება იყოს დეფეკაციის დარღვევა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში.5
რომელ გამოკვლევებს ატარებენ ექიმები ჭიპის არეში ტკივილის დროს?
მუცლის ცენტრალურ ნაწილში ტკივილის გამოვლენისას შეიძლება საჭირო იყოს გასტროენტეროლოგის, ქირურგის კონსულტაცია, ცალკეულ შემთხვევებში კი სხვა სპეციალიზაციის ექიმების კონსულტაცია. დიაგნოზის დასასმელად ექიმი ჩაატარებს კომპლექსურ გამოკვლევას.1 გამოკითხავს პაციენეტს საგანგაშო სიმპტომების შესახებ, ჩაატარებს პირად შემოწმებას, დანიშნავს ლაბორატორიულ ანალიზებს (სისხლის საერთო ანალიზს, შარდის ანალიზს), ასევე ინსტრუმენტულ გამოკლევებს: გასტროსკოპიას, მუცლის ღრუს რენტგენს, უბგ-ს, სიგმოსკოპიას, კოლონოსკოპიას, საჭიროების შემთხვევაში - კომპიუტერულ ტომოგრაფიას.