Plasmon
აუტიზმის სპექტრის აშლილობა და სოციალური უნარები

თარიღი: 30 ნოემბერი, 2021

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს სოციალური უნარების ასათვისებლად სჭირდებათ მეტი დრო ტიპიური განვითარების ბავშვებთან შედარებით.

თუ თქვენ გყავთ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი, სოციალური უნარების განვითარებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი სტრატეგიები როგორებიცაა, მაგალითად, ე.წ. როლური თამაში და ვიდეო-მოდელირება, რაც დაეხმარება ბავშვს შეიძინოს მეგობრები და ჰქონდეს ზოგადად პოზიტიური სოციალური ცხოვრება.

სოციალური უნარები დაეხმარება აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვს, ისწავლოს როგორ მოიქცეს სხვადასხვა სოციალურ სიტუაციებში - მაგალითად, როგორიცაა ოჯახური ურთიერთობები და თამაში სხვა ბავშვებთან სკოლაში ან საბავშვო ბაღში.

სოციალური უნარები დაეხმარება ბავშვს შეიძინოს მეგობრები, ისწავლოს სხვა ბავშვებისგან თუ მოზრდილებისგან, შეიძინოს და განავითაროს ჰობი და ინტერესები.

ამავე დროს, კარგმა სოციალურმა უნარებმა შეიძლება გააუმჯობესოს ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა და ზოგადად ცხოვრების ხარისხი.

რა არის ის სოციალური უნარები, რაც სჭირდება თქვენს ბავშვს, რომელსაც აქვს აუტიზმის სპექტრის აშლილობა?

• თამაშის უნარები - მაგალითად, მონაცვლეობითი თამაში და სათამაშოს გაზიარება.

• საუბრის უნარები - მაგალითად, აირჩიოს რაზე ისაუბროს და რა “სხეულის ენა” გამოიყენოს საუბრისას.

• ემოციური უნარები - მაგალითად, ემოციების მართვა და სხვათა გრძნობების გაგება.

• პრობლემის გადაჭრის უნარები - მაგალითად, კონფლიქტებთან გამკლავება ან გადაწყვეტილების მიღება ქცევასთან დაკავშირებით კონკრეტულ სოციალურ სიტუაციაში.


თამაშის უნარების ვარჯიში

- შეგიძლიათ დადგათ სცენები სათამაშოებისა და სხვადასხვაგვარი სათამაშო ნაკრების გამოყენებით.

- სხვებთან ერთად თამაში ეხმარება ბავშვს ისწავლოს რიგითობის დაცვა (მაგალითად, თამაშისას შეგიძლიათ უთხრათ: “ჩემი ჯერია”… “შენი ჯერია”..და შეაქოთ როცა ის ამ წესებს იცავს), გამკლავება გამარჯვებასა და დამარცხებასთან, თამაშის წესების დაცვა.


როლური თამაში

როლური თამაში დაეხმარება ბავშვს აითვისოს უნარები, რომლებიც მას დასჭირდება სხვა ბავშვებთან თამაშისას. მაგალითად, სანამ მასთან სტუმრად მოვა ბავშვი, შეიძლება ავარჯიშოთ შემდეგი უნარები:

• როლური თამაში როცა თქვენი ბავშვი სთავაზობს სტუმარს რა ითამაშონ.

• ითამაშოთ ის თამაში, რაც შეიძლება თქვენმა ბავშვმა და მისმა სტუმარმა ითამაშონ.

• შეიძლება ასევე ვარჯიში საუბარში, მაგალითად, ბავშვი ყვება რა ნახა ტელევიზორში ან რას აკეთებდა შაბათ-კვირას.

- უფრო მოზრდილი ბავშვებისთვის თქვენ შეგიძლიათ ასევე დადგათ სიტუაცია, რომელიც შეიცავს პრობლემას და მოიფიქროთ პრობლემის გადაჭრის როლური თამაში.


ვიდეო-მოდელირება

- სცადეთ გადაიღოთ ვიდეო იმ სოციალური უნარების დემონსტრირებით, რომლებიც გინდათ დაასწავლოთ ბავშვს. მაგალითად, შეგიძლიათ ასწავლოთ რიგითობის დაცვა ისეთი ვიდეოს გამოყენებით სადაც ადამიანები ამას აკეთებენ. შემდეგ ეცადეთ ითამაშოთ იგივე თამაში აქცენტირებით რიგითობაზე: “ჩემი ჯერია”.. “შენი ჯერია”..

- ვიდეოს მეშვეობით შეგიძლიათ გაამახვილოთ ბავშვის ყურადღება ემოციებზე, რომლებსაც ადამიანები გამოხატავენ სოციალურ სიტუაციებში და დაუსვათ მას კითხვები იმის თაობაზე თუ რას ფიქრობს ის ამ გრძნობებსა და ემოციებზე.

- ეს სტრატეგია თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ მიზნითაც, რომ დაეხმაროთ ბავშვს იგრძნოს თავი კომფორტულად ახალ და რთულ სოციალურ სიტუაციებში. მაგალითად, აჩვენოთ წინასწარ გადაღებული ვიდეო იმ ადგილის კადრებით, სადც მას პირველად მოუწევს მისვლა, რომ ბავშვმა იცოდეს სად მიდის და რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს იმისგან რაც იქ დახვდება.


სოციალური ისტორიები

სოციალური ისტორიები დაგეხმარებათ სოციალური წესების ახსნაში. მაგალითად, რაიმე კონკრეტული სოციალური ისტორია დაგეხმარებათ აუხსნათ ბავშვს რატომ არის მნიშვნელოვანი თამაში სხვა ბავშვებთან.


ვიზუალური კარნახი

ვიზუალური კარნახი/შეხსენება შეიძლება დაეხმაროს ბავშვს აითვისოს ახალი უნარები ან გაიხსენოს ადრე შესწავლილი უნარები. 

გამომდინარე ბავშვის ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებებიდან, ეს შეიძლება იყოს სურათები, სიტყვები, ბარათები და სხვ.


სოციალური უნარების გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში

აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ სიძნელეები კონკრეტულ სიტუაციაში ათვისებული უნარების სხვა სიტუაციებში გამოყენების. მაგალითად, ბავშვმა შეიძლება ათხოვოს საწერი კალამი დას ან ძმას შინ, მაგრამ არ გააკეთოს იგივე სკოლაში თანაკლასელებთან.

იმისთვის, რომ დაეხმაროთ ბავშვს გააკეთოს იგივე სკოლაშიც, გაესაუბრეთ მასწავლებელს და დარწმუნდით, რომ აკეთებთ ერთსა და იმავეს ამ უნარის განვითარებისთვის.


სოციალიზაცია სხვა ბავშვებთან

შეიძლება რთული აღმოჩნდეს ბალანსის დაცვა დროსთან მიმართებით, რომელსაც თქვენი აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვი ატარებს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე და ტიპიური განვითარების სხვა ბავშვებთან.

- ტიპიური განვითარების ბავშვებმა შეიძლება შეასრულონ უმნიშვნელოვანესი როლი კარგი სოციალური უნარების წახალისებაში აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ძალზედ მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს ასევე უნარებისა და ინტერესების გაზიარებამ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე სხვა ბავშვებთან.

- თქვენი ბავშვის სოციალური ურთიერთობები დამოკიდებულია იმ გარემოებაზე თუ რამდენად კარგია მისი დამოკიდებულება სხვებისადმი; 

რამდენად კარგია სხვების დამოკიდებულება მისდამი; 

რა შეიძლება ისწავლოს მან სხვებისგან და რამდენად არის ეს ურთიერთობები დაფუნებული გაგებასა და მიმღებლობაზე.