Plasmon
როგორ სკოლაში უნდა მივიყვანოთ ბავშვი

თარიღი: 20 ივლისი, 2023

ნებისმიერი მშობლის წინაშე დგება კითხვა – რამდენად მზად არის ბავშვი სკოლაში წასასვლელად და როგორ შეარჩიოს მისთვის სკოლა.

 

კარგი სკოლის შერჩევა მართლაც საპასუხისმგებლო ამოცანაა მშობლისთვის და თითოეულმა მშობელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რას ნიშნავს მისთვის და მისი შვილისთვის “კარგი სკოლა”.

მშობლების უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ კარგია სკოლა სადაც კარგად ასწავლიან და გაკვეთლები არ ცდება. შემდეგ მოდის კარგი პირობები, პრესტიჟულობა, სისუფთავე, დაცულობა, მცოდნე მასწავლებლები და ა.შ.(თუმცა პრიორიტეტებთან დაკავშირებული თანმიმდევრობა შეიძლება სხვაგვარი იყოს).

ის თუ რას ნიშნავს თანამედროვე კარგი სკოლა და როგორი უნდა იყოს მისი კონცეფცია, სერიოზული დისკუსიის საგანია ფსიქოლოგების, ფსიქიატრებისა და განათლების სფეროს მუშაკებისთვის, მაგრამ როცა მშობელს უდგას კითხვა კონკრეტულად რომელ სკოლაში მიიყვანოს ბავშვი, ის უფრო კონკრეტულ პასუხსაც ელოდება. ჩვენც ვეცდებით შეძლებისდაგვარად პასუხი გავცეთ ამ კითხვას.

მშობელმა პირველ რიგში უნდა იზრუნოს ბავშვის სწორ განვითარებაზე, მის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე. სასკოლო ასაკსა და სკოლის შერჩევაზე მსჯელობაც აქედან გამომდინარე უნდა დავიწყოთ.

სკოლა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მაქსიმალურად მოერგოს თქვენი ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს. ამის გაკეთება კი საკმაოდ ძნელია.

ჩვენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე სპეციალისტები არაერთხელ შევხვედრივართ სიტუაციას, როდესაც ბავშვი თითქოს ყოველმხრივ ”კარგ სკოლაში” სწავლობს, მაგრამ თავს არ გრძნობს ბედნიერად და არ უყვარს სკოლაში სიარული. ამ მოვლენასთან დაკავშირებული ასაკობრივი დიაპაზონი საკმაოდ ფართოა – დაწყებითიდან დამამთავრებელ კლასებამდე.

რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?.. ეს შეიძლება განპირობებული იყოს ბევრი სხვადასხვა გარემოებით.

ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ დაწყებით კლასებზე.

საქმე ის არის, რომ ბავშვი სკოლაში წასასვლელად მზად უნდა იყოს არა მხოლოდ საწყისი მასალების ცოდნის მხრივ, არამედ მას უნდა შეეძლოს ურთიერთობა კოლექტივში, დათმობა, სხვისი საჭიროებების გაგება, ურთიერთობის დამყარება როგორც უფროსებთან, ასევე თანატოლებთან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 6 წლის ასაკში ბავშვს ყოველთვის არც ნებელობითი ყურადღება აქვს ფორმირებული იმ დონემდე, რომ კარგად გაძლოს გაკვეთილზე 45 წუთის განმავლობაში.

ახალ რეჟიმზე ვერდაქვემდებარება კი შეიძლება საკმაოდ დიდი იმედგაცრუების წყარო აღმოჩნდეს მისთვის, რამაც შემდგომში ბავშვი შეიძლება მიიყვანოს სხვადასხვა ემოციურ და ქცევით აშლილობებამდეც კი.

მშობელმა უნდა გაარკვიოს რა შესაძლებლობები აქვს სკოლას, როგორია მიდგომა ბავშვისადმი სხვადასხვა სიტუაციაში. ამავე დროს, რასაკვირველია, უნდა გაეცნოს პედაგოგიურ კოლექტივს და თავად შეაფასოს, არიან ეს ის ადამიანები ვისაც შვილს ანდობს თუ არა…

ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების უდიდესი ნაწილი ვერც იმაში ხედავს პრობლემას, რომ თუ ბავშვი 6 წლის ასაკში არ არის მზად სკოლისთვის, უფრო მოგვიანებითაც დაიწყოს სწავლა. …

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც მშობლები ხშირად იგნორირებას უწევენ – ეს არის ბავშვის ფიზიკური ამტანობა. ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს სკოლის განლაგებას, ტრანსპორტირების ხელმისაწვდომობას, რადგან ბავშვი არ შეიძლება დაღლილი მივიდეს სკოლაში.

დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტი მომენტი სკოლის შერჩევასა და სწავლის დაწყებისთვის არის არა ასაკი და წერა-კითხვის ცოდნა, არამედ სასკოლო მზაობის დონისა და კონკრეტული სკოლის თქვენი ბავშვის საჭიროებებისადმი მორგებულობის შეფასება.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ კითხვები ბავშვის სასკოლო მზაობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ფსიქოლოგს.

ჩვენი ფსიქოლოგები დაადგენენ რამდენად არის ბავშვი მზად სკოლისთვის და გაგიწევენ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, თუ როგორ და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით სჯობს შეარჩიოთ სკოლა თქვენი ბავშვისთვის.

წყარო - ნეიროგანვითარების ცენტრი