უნგრული ფარმაცევტული ქარხანა “ეგისი”
ფარმაცევტული ქარხანა ეგისი თავის სათავეებს მე - 20 საუკუნის დასაწყისში იღებს. ბუდაპეშტში შვეიცარიიდან ჩასულმა ბიზნესმენმა, ალბერტ ვანდერმა 1913 წელს დაარსა რამდენიმე ფარმაცევტული ლაბორატორია, რომელიც აწარმოებდა სამკურნალო საშუალებებს და ბავშვთა კვების პროდუქტებს. თანდათანობით ქარხნის მუშაობის ძირითად მიმართულებად სამკურნალო პრეპარატების წარმოება იქცა.
დღეს ეგისი წარმოადგენს მძლავრ, თანამედროვე ფარმაცევტულ წარმოებას, რომლის ყველა ტექნოლოგიური ხაზი პასუხობს ევროპულ სტანდარტებს და სერტიფიცირებულია GMP სისტემით, აგრეთვე, “ეგისი”-ის პრეპარატებს გაჩნიათ FDA-ის სერტიფიკატები, რომელიც წარმოადგენს აშშ სამკურნალო პრეპარატებისა და საკვები პროდუქტების მაკონტროლებელ კომისიას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს “ეგისი”-ის პრეპარატების მაღალ ხარისხს.
დაარსების პირველივე დღეებიდან ეგისი დაკავებულია არა მხოლოდ გენერიული პრეპარატების წარმოებით, არამედ დიდ ყურადრებას ანიჭებს ახალი, ორიგინალური პრეპარატების შექმნას და დანერგვას.
ქარხნის ყველაზე წარმატებული ორიგინალური პრეპარატებია: ჰალიდორი - ცენტრალური მოქმედების მიოტროპული სპაზმოლიტიკი, რომლის ექსპორტი მსოფლიოს 50 ქვეყანაში წარმოებს და გრანდაქსინი - უნიკალური ანქსიოლიტიკი და ვეგეტოკორექტორი, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი ფარმაცევტულ ბაზარზე და წარმატებით გამოიყენება ნევროლოგიაში, გინეკოლოგიაში, კარდიოლოგიაში. მისი ექსპორტი მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში წარმოებს.
საგარეო სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ეგისისათვის უმთავერსი მნიშვნელობა ჰქონდა ალიანსს უდიდეს ფრანგულ ფარმაცევტულ კონცერნთან - ფარმაცევტულ ჯგუფ “სერვიე”-სთან. 1995 წლიდან ფრანგული კომპანია “სერვიე” გახდა ქარხნის მთავარი აქციონერი. აღსანიშნავია, რომ ამ დროისათვის ეგისი უკვე აწარმოებდა 100-ზე მეტ პრეპარატს 200-მდე ფორმით.
საქართველოში ეგისი მოღვაწეობს 1996 წლიდან და მისი ექსკლუზიური დისტრიბუტორი არის შ.პ.ს. P.შ.P - ჯგუფი. დღესდღეობით საქართველოში დარეგისტრირებულია ეგისის 41 დასახელების პრეპარატი 90 დოზითა და ფორმით.
ისტორიულად ქარხანას გააჩნია ფარმაცევტული წარმოების რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური ჯგუფია ანტიჰისტამინური პრეპარატები, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელია სუპრასტინი – ალერგიული პრობლემების გადაჭრის კლასიკური საშუალება. დღეს პრეპარატების მრავალფეროვნების მიუხედავად, სუპრასტინი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს ალერგიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, კარგადაა ცნობილი შემდეგი პრეპარატები: პიპოლფენი (პრომეტაზინი), პერიტოლი (ციპროჰეპტადინი). 2001 წლიდან დარეგისტრირდა ახალი თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები: ეროლინი (ლორატადინი), პარლაზინი (ცეტირიზინი) - ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეგისმა უკვე დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია ანტიჰისტამინური პრეპარატების წარმოებაში.
ქარხანა ეგისის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კარდიოლოგია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეგისის პორტფოლიოში. საქართველოში რეგისტრირებული ეგისის კარდიოლოგიური პრეპარატები მოიცავს თითქმის ყველა ძირითად ფარმაკოლოგიურ ჯგუფს: ბეტა-ბლოკატორები - ეგილოკი (მეტოპროლოლი), ეგილოკი რეტარდი (მეტოპროლოლის რეტარდირებული ფორმა) და ტალიტონი (კარვედილოლი), აგფ-ინჰიბიტორები – ჰარტილი (რამიპრილი) და ჰარტილ-დ (რამიპრილისა და ჰიპოთიაზიდის კომბინაცია), კალციუმის ანტაგონისტი –კარდილოპინი (ამლოდიპინი). განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიტროგლიცერინის აეროზოლური ფორმა – ნიტრომინტი, რომელიც ათავსებს ტაბლეტირებული ნიტროგლიცერინის ყველა ფარმაკოლოგიურ და თერაპიულ თვისებას პრეპარატის უმაღლეს სტაბილურობასა და საუკეთესო ამტანობასთან.
განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გინეკოლოგიურ პროგრამას, რომელიც წარმოდგენილია პრეპარატებით: ბეტადინი (პოვიდონის იოდიდი), ზალაინი (სერტაკონაზოლი), ნოფუნგი (ფლუონაზოლი), სორბიფერ დურულესი (რკინის სულფატი) და კლოსტილბეგიტი (კლომიფენი).
ეგისის ფსიქოტროპული პროგრამა წარმოდგენილია პრეპარატებით: გრანდაქსინი (ტოფიზოპამი) – სელექტიური ანქსიოლიტიკი და ვაზოკორექტორი; მელიპრამინი (იმიპრამინი) – ტრიციკლური ანტიდეპრესანტი; სტიმულოტონი (სერტრალინი) – სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი; ტიზერცინი (ლევომეპრომაზინი) – ნეიროლეპტიკი; ლუცეტამი (პირაცეტამი) – ნოოტროპული პრეპარატი. სულ რამდენიმე თვეა დარეგისტრირდა და ინიშნება შემდეგი პრეპარატები: ახალი თაობის ანტიდეპრესანტი ყველაზე სწრაფი მოქმედებით ველაქსინი (ვენლაფაქსინი) – სეროტონინისა და ნორადრენალინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი და კეტილეპტი (ქვეტიაპინი) – ატიპური ანტიფსიქოზური საშუალება, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ქარხანაში ფართოდ დაინერგა ინოვაციური ტექნოლოგიები, რის გამოც ეგისი სამედიცინო საზოგადოებას სულ უფრო ხშირად სთავაზობს ინოვაციურ პრეპარატებს. მათი სისუფთავე მნიშვნელოვნად აღემატება თვით ორიგინალური პრეპარატებისას, კერძოდ, მოქმედი ნივთიერების გამოსავალი მეტია, ხოლო დამატებითი მინარევები 50%-ით ნაკლებია და, შესაბამისად, გაუმჯობესებულია ამტანობა. სწორედ ინოვაციური ტექნოლოგიების გამო ამ პრეპარატებს მიღებული აქვთ უნგრეთის დიდი პრემია და პოპულარობით სარგებლობენ ექიმებსა და პაციენტებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ ინოვაცია ეგისს უკვე ტრადიციად ექცა.
ეგისის მიზანია თანამშრომლობა ექიმებთან და პაციენტებთან. ეს თანამშრომლობა გვაერთიანებს ავადმყოფობასთან საბრძოლველად. ამიტომაც ფარმაცევტული ქარხანა ეგისი თავისი მოღვაწეობის უმთავრეს ასპექტად მიიჩნევს ინფორმაციულ საქმიანობას: მინი-სიმპოზიუმებს, კონფერენციებს ექიმებისთვის, ვიზიტებზე მათთვის საინტერესო და სასარგებლო უახლესი ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ პათოლოგიისა და მისი მკურნალობის თანამედროვე პრინციპების შესახებ. ასევე, ეგისი დიდ ყურადღებას ანიჭებს პაციენტებთან საგანმანათლებლო მუშაობას საინფორმაციო სტატიების, სარეკლამო გვერდების განთავსებისა და სატელევიზიო რეკლამების გზით. ეგისი ცდილობს, დააკმაყოფილოს ექიმისა და პაციენტის ყველა მოთხოვნა მაღალი ხარისხის, ეფექტური, უსაფრთხო პრეპარატებით, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების ყველა წევრისათვის.
უნგრული ფარმაცევტული ქარხანა ეგისი მუდამ ჯანმრთელობის სამსახურშია.